“რუსთავმა” თასის მეოთხედფინალში “არმიასთან” 17-ქულიანი ფორა მოიპოვა
თასის გათამაშების თბილისურ მატჩებში დაფიქსირებული გვარიანად მოულოდნელი შედეგების შემდეგ რუსთავში მცირე სენსაცია მოხდა. სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე მყოფმა “რუსთავმა” მეორეადგილოსანი “არმია” დაამარცხა. ამ შედეგს იმდენად არ ექნებოდა სენსაციის ელფერი, რომ არა 17-ქულიანი სხვობა. რუსთაველებმა, რომლებიც მიმდინარე სეზონში აუტსაიდერთა კატეგორიას განეკუთვნებიან, სუპერლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი დიდი ანგარიშით – 81:64 დაამარცხეს.
რუსთაველებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. არმიელთა მწვრთნელი, კოტე ტუღუში მატჩის წინ აცხადებდა, რომ რთული მატჩი ელოდა და ამის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ რუსთავის დარბაზში შორიდან ბურთი რთულად ვარდება, ფარქვეშ კი მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ ტანმაღალი სერგო ათუაშვილის სახით. “არმიის” თავკაცის ვარაუდი ზუსტად გამართლდა – მასპინძლებმა ფარქვეშ ათუაშვილის წყალობით უპირატესობა მოიპოვეს, შორ სროლებში კი მასპინძლებმა 5 ჩაგდებული 3-ქულიანით იძალეს.
მართალია, “არმიამ” მოხსნებში 11 ერთეულით აჯობა “რუსთავს”, თუმცა ეს უპირატესობა პრაგმატულად ვერ გამოიყენა. თბილისელებმა ვერც თამაშიდან ჩააგდეს მაღალი პროცენტულობით და ვერც საჯარიმოს ხაზიდან. ყველაფერი სწორედ სროლათა სიზუსტემ გადაწყვიტა. “არმია” იმდენად კარგად ვერ თამაშობდა დაცვაში, რომ მასპინძლებისთვის სროლებში ხელი შეეშალათ.
ტანმაღალ ათუაშვილს შესანიშნავად აუბეს მხარი რუსთაველთა უკანახაზელებმა – ქაქუცა აბაიშვილმა, ლევან ხმელიძემ და ზურაბ მაჭავარიანმა. კარგად გაისარჯა დავით გუგავაც, რომელმაც 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, შეხვედრა კი 12 ქულით დაასრულა. ბომბარდირი ხმელიძე გახდა 17 ქულით, აბაიშვილმა კი 14 ქულა (4 სამიანი) და 5 შედეგიანი გადაცემა გაიღო. არმიელთაგან 16 ქულით მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, ბექა წივწივაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
ამ გუნდების სერიის მეორე შეხვედრა 23 იანვარს, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
რუსთავი – არმია 81:64
კოტე ტუღუში, “არმიას” მთავარი მწვრთნელი:
დღეს არაფერი გადაწყვეტილა. მეოთხედფინალური სერია ორმატჩიანია, ბრძოლა გრძელდება და ყველაფერს პასუხი 2 დღის შემდეგ, თბილისში გაეცემა. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომები დავუშვით, რომლებსაც გავაანალიზებთ და ვეცდებით, საპასუხო მატჩში აღარ გავიმეოროთ.
ოთარ ხმელიძე, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
ყოველთვის ვეუბნებოდი ჩვენი გუნდის წევრებს, რომ არავისზე ნაკლები კალათბურთელები არ არიან და რომ მთავარი მონდომებაა. დღეს ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და დაუფასდათ კიდეც. წინა დღეებში მე შეუძლოდ ვიყავი და გუნდი, რომელიც დღეს ასე კარგად გამოიყურებოდა, ბადრი კიკვიძემ და რამაზ გოგობერიშვილმა მოამზადეს. წინ მეორე მატჩია, რომელშიც არმიელები სასურველი ანგარიშით მოგებას ეცდებიან. მათი დღევანდელი წაგება ალბათ იმის ბრალიცაა, რომ სათანადოდ ვერ შეგვაფასეს.