რუსულმა კლუბებმა, შესაძლოა, უეფა-სგან ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღონ
ერთ-ერთი რუსული გამოცემის Sportcombine.ru-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე სიმფეროპოლის „ტავრია“ და სევასტოპოლის „სევასტოპოლი“ თამაშს რუსეთის პირველობაში გააგრძელებენ, უეფა მზად იქნება, რუსული კლუბები ევროთასებიდან ხუთი წლით მოხსნას.
უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტის ანხელ მარია ვილიარ ლიონის თქმით, ორგანიზაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ერთხმად კომიტეტის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტის გრიგორი სურკისის რჩევის მიხედვით მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სურკისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ტავრიამ“ და „სევასტოპოლმა“ მიმდინარე უკრაინის ჩემპიონატი მხოლოდ ბოლო ტურში უნდა დაასრულონ, ხოლო მათ შემდგომ ბედს უეფა გადაწყვეტს. ამავე დროს ორგანიზაციის შესაძლო გადაწყვეტილებას ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს.
„ევროპულ ფეხბურთში გადაწყვეტილებათა მიღებაზე პოლიტიკა არ უნდა მოქმედებდეს. ბუნებრივია, კრიმში მიმდინარე მოვლენები საფეხბურთო ევროპაზე უარყოფითად მოქმედებენ, თუმცა წინასწარი გადახედვის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება“, – თვლის უეფა-ს მრჩეველი ფერნანდუ გომეში.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხს უეფა-ს წარმომადგენელთა გარდა ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. საუბარი კი პირველ რიგში ფიფა-ზეა.
ალექსანდრე მატევოსოვი