საახალწლო “უხამსი შეთავაზებები” ქართულ ფეხბურთში
დღეს ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის ჩატარებას ბევრი გუნდი ვერ ახერხებს. ფეხბურთის ფედერაციამ პრობლემის მოგვარება საინტერესო ხერხით გადაწყვიტა. 27 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესის კლუბების 12 წარმომადგენელი ესწრებოდა, გაიჟღერა ილია კოკაიას იდეამ. “ზესეტაფონის” ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავას გადადგომის შემთხვევაში მზად არის მეორე წრის ჩასატარებლად 5 მილიონი ლარი გამოყოს. აღსანიშნავია, რომ სკ ზესტაფონის დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ეს იდეა უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობამ პირად შეურაცხოფად და მოქრთამვის მცდელობად აღიქვა.
გთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას:
ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით სფფ-ს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. გვინდა ეროვნული ჩემპიონატის გადარჩენით მოტივირებულ სკ „ზესტაფონი“-ს დამფუძნებელს, ბატონ ილია კოკაიას შევთავაზოთ – ითავოს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისა და შემდგომ 2014-2015 წწ სეზონის დეფინანსების უზრუნველყოფა, ვიდრე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის დაპირებისამებრ 2015-2016 წწ. სეზონზე სახელმწიფო გადაიბარებს ამ მძიმე მისიას და 2014 წლის 10 იანვრამდე კლუბების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს 23 მილიონი ლარი (მიმდინარე სეზონის დასრულებისა და მომავალი სეზონის ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯი: სფფ-ის მიერ შემუშავებული ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროგრამის შესაბამისად თითოეულ კლუბს ერთი სეზონის ჩასატარებლად, მინიმალური საჭიროებების დასაფინანსებლად და სალიცენზიო მოთხოვნების შესასრულებლად ესაჭიროება 1 500 000 ლარი X 12 = 18 000 000 ლარი + კოკაიას მიერ სეზონის დასრულებისათვის დაპირებული 5 მილიონი ლარი ).
რადგან, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელს ასე აწუხებს ეროვნული ჩემპიონატის ბედი და ამავე დროს ასე ძვირად უღირს სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, ჩვენის მხრივ გვსურს დავაიმედოთ ბატონი ილია კოკაია და დავპირდეთ, რომ აღნიშნული შეთავაზების მიღებისა და 23 მილიონი ლარის ჩარიცხვისთანავე, 11 იანვარს სფფ-ის პრეზიდენტი, ბ-ნ ზვიად სიჭინავა დაუყოვნებლივ დატოვებს თანამდებობას და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.
სფფ-ის პრესსამსახური
ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადება ირონიით და არასერიოზული დამოკიდებულებით არის სავსე. გარიგებებზე წასვლა და ვაჭრობა თანხებით, მაშინ როცა ოფიციალური ორგანო ხარ და მაგალითს უნდა აძლევდე საფეხბურთო საზოგადოებას, ჩვენი აზრით, როგორც მინიმუმ არასერიოზული დამოკიდებულებაა საკითხისადმი. ფეხბურთის ფედერაცია არ არის კონკრეტული პირის პერსონალური ორგანიზაცია და შესაბამისად, იგი რაციონალურად და ცივი გონებით უნდა უდგებოდეს ნებისმიერ საფეხბურთო საკითხს. აღნიშნულ განცხადებაში კი უბრალოდ “პასუხის პასუხს” თუ ამოვიკითხავთ.
ბუნებრივია, რომ ამ უტოპიურ წინადადებს არავინ დათანხმდება და ეს ფედერაციაშიც შესანიშნავად იციან. არც ილია კოკაიას პოზიციაა მაინც და მაინც სამაგალითო. ქართული საფეხბურთო საზოგადოება უკვე წლებია მის ულტიმატუმებს ისმენს. ამ დროს კი საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დაფინანსების გარეშე რჩება. ანუ რეალურად საქმეც აღარ კეთდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოკაიას წვლილი “ზესტაფონის” და ქართული ფეხბურთის განვითარებაში ყველას კარგად ესმის.
ფედერაციაში კი უნდა ესმოდეთ, როდესაც ქართული ფეხბურთი კრიზისის ზღვარზეა და ეროვნული ჩემპიონატის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ირონიის და პირადი უთანხმოების საყოველთაო პრობლემად ქცევის დრო ნამდვილად არ არის.
ბოლოს, ორივე მხარეს გვინდა ბედნიერი ახალი წელი ვუსურვოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ ყველაფერი ქართული ფეხბურთისათვის პროფესიონალურად და სასიკეთოდ გადაწყდება.