საავტომობილო სპორტის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
2 თებერვალს ივენთ ჰოლში საქართველოს საავტომობილი სპორტის ფედერაციის 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
საავტომობილი სპორტის ფედერაციამ გამარჯვებულები არაერთ ნომინაციაში გამოავლინა. 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად კლუბ “სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიას” წარმომადგენელი, დავით კვარაცხელია დასახელდა.
აღმართის დაძლევაში 12 სხვადასხვა ნომინაცია იყო, მათ შორის უმეტესობაში გამარჯვებული დავით ხაჩიძე გახდა. ღონისძიებაზე ქალი მრბოლელებიც დააჯილდოვეს.
“განსაკუთრებული სეზონი იყო, რომელიც ძალიან პრესტიჟული რბოლებით დაიწყო და დავით კვარაცხელიას გამარჯვებით დასრულდა. რა თქმა უნდა, ასეთი სტარტის შემდეგ მოთხოვნები გაიზარდა. ჩვენ კვლავინდებურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ლაბორგინის წლის ფინალს ვუმასპინძლოთ და აქ გაიმართოს კარტინგის ევროპის ჩემპიონატის ეტაპი. აქცენტს ახალგაზრდა თაობაზე ვაკეთებთ, რომლებმაც საქართველოს სახელი შორს უნდა გაიტანონ. ფედერაცია გააგრძელებს თავდაუზოგავ მუშაობას, რათა გრანტები, რომლებიც საერთაშორისო ფედერაციამ გამოგვიყო, საგანმანათლებო და ტექნიკური ბაზის ასამაღლებად გამოვიყენოთ”, – განაცხადა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, შოთა აფხაზავამ.