საბა კვირკველია: “თუ გვინდა, რომ მომდევნო მატჩებს აზრი ჰქონდეს, ხვალ უნდა მოვიგოთ”
ხვალ 2018 მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი “დინამო არენაზე” მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლებს. სასტუმრო “ჰუალინგში” გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე საბა კვირკველიაც წარსდგა.
“მატჩის წინ რთული სათქმელია, თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ გვინდა, რომ მომდევნო შეხვედრებს აზრი ჰქონდეს, მაშინ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შინ შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, თითოეულ მატჩში მინიმუმ ოთხი საგოლე მომენტი გვაქვს ხოლმე, მაგრამ ყველა შანსი გოლით რომ სრულდებოდეს, ფეხბურთი უაზრო იქნებოდა.
არის კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტები, რომლებსაც განვიხილავ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს. მხოლოდ ხვალ გასამართ მატჩზე ვფიქრობ. თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება “რუბინში”, კლუბს გამოვიცვლი”, – აღნიშნა კვირკველიამ.