საბა ლობჟანიძე – იმედი მაქვს მეორე წრეში უფრო შედეგიანი ვიქნები
ვარჯიშები მოედნებზე, სატრენაჟორო დარბაზში, თეორიული მეცადინეობები, სპარინგ მატჩები- ასეთია დინამოს თურქული შეკრების სამუშაო გრაფიკი. ასეთია დინამოელთა ყოველდღიური რეჟიმი, მათ შორისაა ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი- საბა ლობჟანიძე.
საბა ლობჟანიძე- იდეალურ პირობებში ვემზადებით. ზუსტად არის გათვლილი შეკრების ყოველი დღე, ყოველი დეტალი. სპარინგებიც ძალიან საინტერესო გვაქვს. ცოტა ტრავმებმა შეგვაფერხეს- პაპუნაშვილის, ჩირგაძის, შერგელაშვილის და ახლა ცინცაძის არყოფნა ტესმატჩებში დიდი დანაკლისია, მაგრამ სეზონის განახლებისას ისინი მზადყოფნაში იქნებიან. შტურმის სახით ხელწამოსაკრავი მეტოქე არ გვყავდა, შემდეგ თამაშში მათ სტიაუასაც მოუგეს, ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მართალია ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშით ვაჯობეთ. ვორსკლასთან წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, ბურთი ჩვენი იყო, ინიციატივასაც ვფლობდით და მოწინააღმდეგემაც მხოლოდ ერთხელ დაგვირტყა კარში. სპარტა ძალიან ძლიერი მეტოქეა. ევროპული დონის კლუბია, რომელთან სპარინგიც გამოცდილების კუთხითაც ძალიან წაგვადგება. ვფიქრობ საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა, კარგი ბიჭები არიან და ვიმედოვნებ დინამოს წარმატებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნიკა ჭანტურიას მივულოცავ კაპიტნობას, ნამდვილად ღირსეული კაპიტანი გვყავს. ჩემთვის ფაქტიურად პირველი სეზონია, პირველ წრეში საჭირო გამოცდილება მივიღე და იმედი მაქვს მეორე წრეში უფრო შედეგიანი ვიქნები.
FCDinamo.GE