საბურთალო “ალექსანდრიას” შეხვდება
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” განაგრძობს თურქულ შეკრებას. თემურ შალამბერიძის შეგირდებმა თურქეთში უკვე სამი ამხანაგური მატჩი გამართეს – პირველ შეხვედრაში “ჩერნო მორესთან” მინიმალურად დამარცხდნენ, შემდეგ კი ორჯერ ფრედ დაასრულეს მატჩები. მომდევნო საკონტროლო დაპირისპირება ხვალ შედგება, “საბურთალო” ამჯერად უკრაინის “ალექსანდრიასთან” მოსინჯავს ძალებს, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობს, თუმცა უმაღლესში გადასვლის კანდიდატია. ქართულ-უკრაინული მატჩი თბილისის დროით 17:30 დაიწყება.
“ალექსანდრია” 1948 წელს დაარსდა, კლუბი ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. 2011-2012 წლების სეზონი უმაღლეს ლიგაში განვლო, მაგრამ წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, უკვე ბოლო ორი წელიწადია ერთით ქვედა ლიგაში ირჯება. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ ვნახავთ, რომ კლუბი ძირითადად პირველ ლიგაში თამაშობს. თუმცა, წლეულს გათამაშების ცხრილში 36 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და პირველზე მყოფ “ოლიმპიკს” რვა ქულით ჩამორჩება.
უკრაინის პირველ ლიგაში სეზონი 29 მარტს იღებს სტარტს, მანამდე კი კლუბი თურქულ შეკრებაზე იმყოფება და ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი 43 წლის ვლადიმირ შარანია.