“საბურთალო” ბულგარელებთან დამარცხდა
“საბურთალომ” პირველი სპარინგ-მატჩი გამართა თურქეთში – ჩვენი დღევანდელი მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი “ჩერნო მორე” იყო, რომელიც თავის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. შეხვედრა სლავების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. ბულგარელებმა მესამე და მათთვის გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთებზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. იმ ეპიზოდში ჩვენს კარში პენალტის დანიშვნით თავად ბულგარელებიც გაკვირვებულან – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჩვენი გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა კახა კაშიამ.
დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგე შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდა. თუმცა, მალე ჩვენმა გუნდმა ინიციატივა ხელთ იგდო და ნელ-ნელა “ჩერნო მორეს” საჯარიმოს გაუშინაურდა. მაგრამ ტაიმი ბულგარელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
მეორე ნახევარში მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. მინიმუმამდე ანგარიში გურამ გოშთელიანმა შეამცირა – 1:2. რამდენიმე წუთში კი ჩვენებმა შეხვედრაში წონასწორობა აღადგინეს, თავი ბლიაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ, როგორც უკვე ზემოთ გითხარით, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბულგარელებმა მსაჯის მიერ “გამოგონილი” პენალტით 3:2 იმარჯვეს.
უფრო დაწვრილებით თამაშის შესახებ და ფეხბურთელების შეფასებას ხვალ შემოგთავაზებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საბურთალოელები 8 თებერვალს, ასევე ბულგარეთის უმაღლესლიგელ “ბეროესთან” გამართავენ.
ჩვენმა გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გოშაძე, ბეროშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, გოცირიძე, წივილაშვილი, ჩაბრაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: მამუჩაშვილი, მენთეშაშვილი, ბარამიძე, ჩომახიძე, თევზაძე, ბლიაძე, წოწონავა, გოშთელიანი, ხორხელი.
fcsaburtalo.ge