“საბურთალო” – “დინამო” (ვრანი) 2:2
თბილისის “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი დაასრულა ფრედ – დღეს ჩვენი კლუბი სერბეთის პირველი ლიგის პირველადგილოსან ვრანის “დინამოს” დაუპირისპირდა, უხვგოლიანი შეხვედრა 2:2 მორჩა.
პირველ ნახევარში გიორგი კოხრეიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი თავური ძელს მოხვდა. მე-40 წუთზე გეგა დიასამიძემ ლამაზი გოლი გაიტანა – ტექნიკური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში, ისევე როგორც პირველ ტაიმში, ბურთს “საბურთალოელები აკონტროლებდნენ. 86-ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი იერიში განახორციელეს – დავით ვოლკოვმა გურამ გოშთელიანს უპასა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა. ფორვარდმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში და თავისიანების უპირატესობა სოლიდური გახადა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში გოშთელიანი 19 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს, დღეს კი გოლის გემოც გაიხსენა. თითქოს “საბურთალოს” შეხვედრის ლოგიკურ დასასრულამდე არ უნდა გაჭირვებოდა მატჩის მიყვანა, მაგრამ სერბებმა დარჩენილ 4 წუთში ჯერ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, ბოლოს კი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, გამთანაბრებელი გოლი გაიტანეს.
საბურთალო: სომხიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი (ჯინჯოლავა 66), თარხნიშვილი, დიასამიძე (ვოლკოვი 61), ჩაბრაძე, გვარაძე, კოხრეიძე (გოშთელიანი 61).