“საბურთალო” შეკრებას თურქეთში გაივლის
დედაქალაქური “საბურთალო” წლეულს პირველად შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა “ბენდელაზე” ივარჯიშა. ჩემპიონთა რიგებში პირველად ივარჯიშა ანტე გიმ, რომელმაც “საბურთალოსთან” ხელშეკრულებას გუშინ მოაწერა ხელი. ასევე, პირველი ვარჯიში იყო მეკარე ომარ მიგინეიშვილისთვისაც, რომელიც ჩვენს კლუბში გასული წლის მიწურულს ჩაირიცხა. საწვრთნელ პროცესში მიიღეს მონაწილეობა “საბურთალო”-2-ის ფეხბურთელებმა – გიორგი გულიაშვილმა და ბექა ხარაიშვილმა. ხსენებული ფეხბურთელები, დიდი ალბათობით, კლუბს პირველ შეკრებაზე წაყვებიან.
საბურთალოელები თბილისში 19 იანვრამდე ივარჯიშებენ, შემდეგ კი გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც ორ შეკრებას გაივლიან. საბოლოოდ, ცნობილი გახდა იმ მეტოქეების ვინაობა, რომლებიც თურქულ შეკრებაზე დაუპირისპირდებიან ჩვენს კლუბს.
ქალაქელები 24 იანვარს რუმინეთის მე-5 ადგილოსან “ვიტორულს” გაეჯიბრებიან, 28 რიცხვში სერბეთის ასევე მე-5 ადგილოსან “ნაპრედაკს”. ხოლო პირველ შეკრებას 1 თებერვალს მაკედონიის მესამე ადგილოსან “რაბოტნიჩკთან” მატჩით დაასრულებენ. რაც შეეხება მეორე შეკრებას, “საბურთალო” 9 თებერვალს შვედეთის “სირიუსს” დაუპირისპირდება, 12 რიცხვში ბოსნიის პირველ ადგილოსან “სარაევოს”, 15 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის “ახმატს” გაეჯიბრება, ხოლო 18 რიცხვში ყაზახეთის “კაისართან” მოსინჯავს ძალებს.
ორივე შეკრებაზე ჩვენს კლუბს შვიდი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა ადგილზე კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი დაგეგმოს.