“საბურთალომ” და “ატლეტიკომ” ქულები გაიყვეს
რამდენიმე წუთის წინ “ბენდელაზე” “სალერის თასის” ჯგუფური მატჩები დასრულდა – ბოლო შეხვედრაში “საბურთალო” და “ატლეტიკო” ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ 1:1. პირველი არცთუ საინტერესო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს – ჯერ სტუმრებმა გაიტანეს გოლი, თავი კეიდი არტანმა გამოიჩინა. ხოლო რამდენიმე წუთშიგიორგი ხარაიშვილმა საფირმო ჯარიმა შეასრულა და თამაშში წონასწორობა აღადგინა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გადახალისებული შემადგენლობით დაიწყეს შეხვედრა. პირველი ტაიმი ფრთხილი გამოდგა, გუნდები ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, რამაც საგოლე ეპიზოდების სიმწირე გამოიწვია. ორჯერ სტუმარ სალომონ ობამას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში მოიკოჭლა. თავის მხრივ, თითო-თითო სახიფათო მომენტი ალთუნაშვილსა და გვარაძეს შეექმნათ, მაგრამ პირველ ეპიზოდში მცველი გადაეღობა დარტყმულს, მეორეში კი ბურთი მეკარემ მოიგერია.
როგორც უკვე ზემოთ გითხარით, საყურებლად მატჩის მეორე ნახევარი უკეთესი გამოდგა – სწრაფი, გააზრებული, შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზეს გუნდებმა. რამდენიმე წუთიან მონაკვეთში კი გოლებიც გავიდა – სტუმრების მიერ გატანილ გოლს, ხარაიშვილმა უმალ უპასუხა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ეს გუნდები 22 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს, მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრაში – გეცოდინებათ, რომ სწორედ აღნიშნული კლუბების მონაწილეობით ჩაივლის ფინალური შეხვედრაც, რომელიც 15:00 საათისთვისაა დანიშნული. მანამდე კი ბრინჯაოს სინჯის მედლებისთვის “მაკაბი” და “დნიპრო” იბრძოლებენ.
20 დეკემბერი. “ბენდელა”. 400 მაყურებელი
საბურთალო – ატლეტიკო 1:1 (0:0)
საბურთალო: კუპატაძე, ბეროშვილი, ნადარაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, არველაძე, გვარაძე, რუხაძე, ალთუნაშვილი, ჩაბრაძე, კაპანაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: თევზაძე, ხარაიშვილი, წივილაშვილი, გოშთელიანი.
ატლეტიკო: პერესი, პრიეტო, როდრიგესი, რენტერო, არანდა, დამიანი, მორენო, ფ.ობამა, ტალავერა, ს. ობამა, სანჩესი.
ცვლილებაზე შევიდნენ: მიგელ სან რომანი, დელ ამო, ლუნესი, არტანი.
გოლები: 0:1 არტანი (59), 1:1 ხარაიშვილი (65).
მთავარი არბიტრი: ოთარ ხეცაძე.
1. ატლეტიკო 3 2 1 0 7:3 7
2. საბურთალო 3 2 1 0 6:2 7
3. დნიპრო 3 1 0 2 4:8 3
4. მაკაბი 3 1 0 2 2:6 0