“საბურთალომ” “კარდაგი” მეორე ტაიმში გატეხა
“საბურთალომ”, რომელიც “ბენდელას” თასზე ასპარეზობს დღეს დაძაბულ და ხისტ ბრძოლაში აზერბაიჯანის პირველი ლიგის ბინადარი “კარდაგი” დაამარცხა 2:1. პირველ ტაიმში ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ მათთვის სასურველი შედეგი დააფიქსირეს. გოლები კი ერთმანეთზე ლამაზი გაიტანეს.
ვიდრე უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე მოგახსენებთ, მანამდე გეტყვით, რომ აზერბაიჯანული კლუბი საქართველოში შეკრებაზე იმყოფება და “ბენდელას” თასზე ასპარეზობს. ჩვენი დღევანდელი მეტოქე თავისი ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს. პირველი წრის შემდეგ ისინი გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და უმაღლესში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატები არიან. როგორც ჩვენთან საუბარში “კარდაგის” სამწვრთნელო შტაბმა განაცხადა, მათი მიზანი 2014-2015 წლებში უძლიერესთა შორის თამაშია. მეზობლებისგან ასევე შევიტყვეთ, რომ გუნდის საშუალო ასაკი 22-23 წელია. აზერბაიჯანელებმა ისიც გვითხრეს, რომ თავიანთი ფეხბურთის დებულების თანახმად, აუცილებელია კლუბში ადგილობრივი 21 წლის ექვსი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ყავდეს.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ თამაშს – მთლიანობაში საინტერესო და ხისტი მატჩი გამოდგა, ფეხბურთელები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. გეცოდინებათ, რომ ჩვენი გუნდი ხუთ დღიან შეკრებაზე იყო გადასული, სადაც დილა-საღამოობით ვარჯიშობდნენ.
ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე ერთი შეხედვით ათლეტური გუნდი ჩანდა, გამოსარჩევი იყო მათი დაცვის რგოლი, სადაც ტანმაღალი ფეხბურთელები მოქმედებდნენ.
მატჩის დებიუტი ჩვენთვის არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო – მერვე წუთზე ადინ მახმუდოვმა თავისიანები დააწინაურა. თემურ შალამბერიძის შეგირდებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ 22-ე წუთზეხარაიშვილმა თერთმატმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა რამდენიმე შეხებიანი კომბინაცია გაითამაშეს, ჩაბრაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გოცირიძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამლორენცომ შეუშალა ხელი… გამოსარჩევი და აღნიშვნის ღირსი იყო სტუმრების მიერ სტანდარტული ჯარიმების შესრულება – საჯარიმოს ფარგლებს გარედან ყუმბარისებულად ურტყამდა ეზმილ ბაბაევი – ამ უკანასკნელმა ერთხელ მცირედით ააცილა ჩვენს კარს ბურთი, მეორედ კი კუპატაძემ იყოჩაღა და რთულად ასაღები ბურთი მოიგერია.
შესვენებაზე თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და შედეგიც გამოიღო – აქტიურად ჩაერთვნენ თამაშშიბიძინაშვილი და ხორხელი. სწორედ, აღნიშნული ფეხბურთელების აქტიურობას მოჰყვა გოლები – 50-ე წუთზეთევზაძემ გამოზომილი გადაცემა უპასა ბიძინაშვილს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა. ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი ტექნიკურად “შეასრულა” და ანგარიშიც გაათანაბრა.
თვალშისაცემი იყო ხორხელის მოქმედებაც – ახალგაზრდა ფეხბურთელი დრიბლინგითა და საინტერესო მანევრებით გამოირჩევა, ასევე კარგი “ცაცია” აქვს და შორი მანძილიდან ძლიერადაც ურტყამს. ხორხელმა ერთ-ერთ ეპიზოდში ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, ცოტა ხანში კი შესაშური და ულამაზესი დარტყმით ცხრიანში ააფართხალა ბურთი – 2:1.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება, ერთადერთი მეკარე ბექა ქურდაძე იყო, რომელიც მინდორზე არ გამოსულა.
ამ გამარჯვებით ჩვენს გუნდს “ბენდელას” თასზე ერთი მოგება და ამდენივე მარცხი დაუგროვდა. მომდევნო მატჩს საბურთალოელები 1 თებერვალს “მცხეთა-პარკზე” “ვიტ ჯორჯიასთან” გამართავენ.
საბურთალო: კუპატაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, ლორენცო, ალენი, ჩაბრაძე, გოცირიძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: ჩომახიძე, გვარაძე, ბიძინაშვილი, ბლიაძე, წივილაშვილი, ხორხელი, ჭოხონელიძე, ბეროშვილი.
fcsaburtalo.ge