“საბურთალომ” ლადო დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” მატებაა. კლუბმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები – ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრავმა აწუხებდა, თუმცა მომჯობინდა და თბილისელთა შემადგენლობაში უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობს. როგორც მოგეხსენებათ, თარგამაძე ბოლოს უკრაინულ გუნდებში თამაშობდა – “ოლექსანდრია”, “მარიუპოლი” და დონეცკის “შახტარი”, 2008-2010 წლებში კი გერმანული “ფრაიბურგის” ღირსებას იცავდა. თარგამაძე იყო 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2011 წელს კი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. 28 წლის ნახევარმცველს ქვეყნის პირველი გუნდის რიგებში ჩატარებულ 19 მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება დვალიშვილს, მას სამშობლოში თბილისის “დინამოში”, ბათუმის “დინამოსა” და რუსთავის “ოლიმპში” უთამაშია. მისი ევროპული კარიერა 2008-2009 წლებში რიგის “სკონტოში” თამაშით დაიწყო. შემდეგ იყო ჰაიფას “მაკაბი” პოლონეთის “პოლონია”, “ლეგია” და შეცინის “პოგონი”, ასევე უთამაშია დანიის “ოდენსეში”. საკლუბო დონეზე დვალიშვილს 285 მატჩი აქვს ჩატარებული და 111-ჯერ შეძლო გოლის გატანა. 32 წლის თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი.
საბურთალოელთა შემადგენლობაში სიახლეა ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდა თბილისის “ლოკომოტივში” იჯარის წესით განათხოვრებული დაჩი ცნობილაძე.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის მომდევნო წრისთვის მზადებას დღეს “ზესტაფონის” ბაზაზე არსებულ სტადიონზე შეუდგა.