“საბურთალომ” რუსულ “ორენბურგთან” ფრე გააგორა
დღეს თურქეთის ქალაქ ბელეკში თბილისის “საბურთალომ” რუსული პრემიერ ლიგის გუნდ “ორენბურგთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა.
დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა 31-ე წუთზე რუსებმა შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს ქართველებს რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნათ. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ლუკა ლაკვეხელიანის დარტყმული, რომელიც მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველი ტაიმი “ორენბურგმა” მოიგო.
მეორე ნახევარში “საბურთალო” კიდევ უფრო გააქტიურდა. საბოლოოდ, თბილისლებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრებება. მატჩის მიწურულს ფლანგიდან კარგად გაირჯა ნოდარ იაშვილი, რომლის ჩაწოდებულზე ლაშა შინდაგორიძე ურტყამდა, თუმცა მცველები ბურთს გადაეღობნენ და კუთხურზე მოიგერიეს. სწორედ ამ სტანდარტულს მოჰყვა გოლი – ვაგნერის გადაცემის შემდეგ, ამპლუით მცველმა გაგი მარგველაშვილმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა.
მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას “საბურთალო” 19 თებერვალს დანიის პირველი ლიგის “ვეილესთან” გამართავს.