საბურთალომ სეზონის დაასრულა, გოცირიძემ – კარიერა
2013-2014 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილება დარჩა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “ბ” ზონაში საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველად მოსინჯა ძალები ჩვენს პირველობაზე.
მართალია, 2013-2014 წლების სეზონი უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა “საბურთალოში” დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, შეიძლება ითქვას გულის ამაჩუყებელიც – 23 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა კლუბის უკვე ყოფილმა ფორვარდმა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ გოცირიძემ, რომელსაც ღირსეული გაცილება მოუწყვეს, როგორც კლუბის ხელმძღვანელებმა და გუნდმა, ასევე “საბურთალოს” ერთგულმა გულშემატკივრებმა. ქომაგებმა “გოცირ”, “გოცირ”-ის შეძახილებით ჯერ მოედანზე დაემშვიდობნენ ვეტერან ფეხბურთელს, შემდეგ კი კულმინაცია უკვე მატჩის დასრულების შემდეგ იყო, როდესაც ყოფილ ფეხბურთელს მთელი გუნდი ულოცავდა ისტორიულ დღეს.
ალბათ, სიმბოლურიც იყო, რომ სწორედ გაცილების მატჩში გაიტანა გოცირიძემ ბოლო პროფესიული გოლი და ისე დაემშვიდობა გულშემატკივარს. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “გოცირას” “ბენდელას” თასის სიმბოლიკის მოოქროვილი პრიზი კი საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მართალია გოცირიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მის ცხოვრებაში გარკვეული ეტაპი დასრულდა, მაგრამ ახლა იგი ახალ და შეიძლება ითქვას საინტერესო ამპლუაში წარსდგება – “საბურთალოს” კლუბში რჩება და უკვე მწვრთნელის რანგში მოგვევლინება. ამიერიდან, გოცირიძე თავის ცოდნასა და გამოცდილებას უკვე მოზარდებს გაუზიარებს. კლუბის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატებები საყვარელ საქმიანობაში!
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, რომელშიც “საბურთალომ” გორის “დილა”-2-ს უმასპინძლა, იგი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. თუმცა საწყის წუთებში სტუმრები აქტიურობდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ხარიხამ გადაგვარჩინა, შემდეგ კი მცველებმა გამოიტანეს ხაზიდან ბურთი. ამის შემდეგ, მთლიანად უპირატესობას “საბურთალო” დაეუფლა და რვა წუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორჯერ გაუტანა – ჯერ გოცირიძემ შეაგდო თავით, როდესაც მუჰამედ დიოპმა მარჯვენა ფლანგიდან საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთებზე ხორხელის ფლანგურ გარღვევას ჩაწოდება და მოწინააღმდეგის ფეხბურთელის ავტოგოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, რომ გურამ გოშთელიანმა იხეირა და მესამედ შეარხია “დილა”-2-ის კარი. ამის შემდეგაც, მასპინძლებს რამდენჯერმე მართებდათ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ მეტის გატანა თბილისელებმა ვეღარ შეძლეს.
დაფიქსირებული შედეგი 3:0 ზედიზედ მეორე გამოდგა საშინაო შეხვედრებში – გეხსომებათ, რომ ჩვენმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ “სასკოს” ანალოგიური დღე აყარა.
ამრიგად, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველ ლიგაში თავისი სადებიუტო ასპარეზობა მერვე საფეხურზე დაასრულა.
13 მაისი. “ბენდელა”. 400 მაყურებელი
საბურთალო – დილა-2 3:0 (2:0)
საბურთალო: კუპატაძე, თვარაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე (მამუჩაშვილი 51), ბარამიძე, ხარაიშვილი, ბეროშვილი, ხორხელი (წივილაშვილი 70), დიოპი, გოშთელიანი (ბიძინაშვილი 64), გოცირიძე (ჩაბრაძე 60).
დილა-2: ზუროშვილი, აფხაზავა, ჩაკვეტაძე, ქებურია, გაბელია, ჯაყელი, კაშია, მელაშვილი, კვარაცხელია (ხარებაშვილი 67), მანაგაძე, ბერიძე.
გოლები: 1:0 გოცირიძე (35), 2:0 ქებურია (ს.კ, 43), 3:0 გოშთელიანი (50).
გაფრთხილება: დიოპი (58), გაბელია (58).
მთ. არბიტრი: ბორის გლუშჩუკი.
fcsaburtalo.ge