“საბურთალოს” მეოთხე ფრე თურქულ შეკრებაზე
თურქულ შეკრებაზე წლეულს ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა “საბურთალომ”, რომელიც უკვე სამი კვირაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემზადება – ჩვენი გუნდი დღეს რუსეთის “დოლგოპრუდნის” დაუზავდა, 2:2. აღნიშნული შედეგი მესამეა თურქულ შეკრებაზე. ამავე ანგარიშით “საბურთალომ” ჯერ ყაზახეთის “გეფესტ კარაგანდას” ითამაშა, მანამდე კი უხვგოლიანი მატჩი ბულგარულ “მონტანასთან” დაფიქსირდა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ოთხივე გოლი საწყის 45 წუთში გავიდა – თავიდან მეტოქე დაწინაურდა, თუმცა რამდენიმე წუთში გურამ გოშთელიანმა თურქეთში თავისი მორიგი გოლი შეაგდო და ასე გათანაბრდა მატჩი. მალე ჩვენები წინ გავიდნენ – გიორგი ხარაიშვილის სტანდარტული ჯარიმის შემდეგ 2:1 დავწინაურდით, მაგრამ მეტოქემ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეორე გოლი გაიტანა.
მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. საერთო ჯამში მატჩმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა. სასიხარულოა, რომ რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა ჯიმი ტაბიძე, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. სხვა და სხვა მიზეზის გამო დღევანდელ შეხვედრაში ვერ ითამაშეს ლორენცომ, მენთეშაშვილმა და ჩაბრაძემ.
“საბურთალო” თურქეთიდან ხვალ საღამოს გამოემგზავრება და დედაქალაქში 24 თებერვალს გამთენიისას იქნება.
ჩვენმა გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
კუპატაძე, მარგველაშვილი, ჩომახიძე, თევზაძე, ბარამიძე, მამუჩაშვილი, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, გოცირიძე, გოშთელიანი, წივილაშვილი.
fcsaburatlo.ge