“საბურთალოს” პირველი სპარინგი თურქულ შეკრებაზე
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” უკვე თურქეთშია – გუნდმა დღეს საწვრთნელი პროცესიც გამართა, ხვალ კი შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩია – ჩვენი მომავალი მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი “ჩერნო მორეა”, რომელიც თავისი ქვეყნის გათამაშების ცხრილში მეექვსე პოზოციაზე იმყოფება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მომავალი მეტოქე ბულგარეთის “ჩერნო მორე” 1913 წელს დაარსდა, იგი ქალაქ ვარნაში სტადიონ “თიჩა”-ზე თამაშობს. გუნდის საშინაო მატჩებს საშუალოდ 2700 გულშემატკივარი ესწრება. სადღეისოდ, “ჩერნო მორეს” ჩემპიონატში 23 თამაშიდან 40 ქულა აქვს, ცხრილის სათავეში კი “ლიტექსი” და “ლუდოგორეცი” არიან.
ბულგარელთა შემადგენლობაში ძირითადად ადგილობრივები თამაშობენ, თუმცა კლუბში ლეგიონერებიც ირიცხებიან – ასე მაგალითად, ბრაზილიელი ნახევარმცველი ედისონ ბურგონსი, რომელიც 26 წლის არის. ბულგარელთა კლუბში ირიცხება 21 წლის ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი სტენლი ოკორო, ვარნელთა რიგებშია ესპანელი ფორვარდი ბაკარიც, რომელიც 25 წლისაა.
“ჩერნო მორეს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 15 წლის ადგილობრივი ვალენტინ რასიმია, ხოლო გამოცდილ ფეხბურთელად შეიძლება მივიჩნიოთ 31 წლის კირილ კოტევი და დანიელ გიორგევი. გუნდის საშუალო ასაკი 24-25 წელია. თუმცა, კლუბში ახლა მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს და შესაძლოა გუნდში გარკვეული სიახლეებიც იყოს.
ბულგარეთის ჩემპიონატში ახლა შესვენებაა, თუმცა ბოლო მატჩებიდან ჩანს, რომ კლუბი შესანიშნავ ფორმაში იყო, რადგან ბოლო ხუთი შეხვედრიდან “ჩერნო მორემ” ოთხ მატჩში იმარჯვა, ერთხელაც ფრეს დასჯერდა – გასული წლის 16 დეკემბერს შინ “ბოტევს” 1:0 მოუგო, სტუმრად “ლოკომოტივი” (სოფია) 2:0 დაამარცხა, შინაურ კედლებში “ნეფტოხიმიკს” 2:1 აჯობა, გასვლაზე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან “ლუდოგორეცთან” 1:1 ითამაშა, ხოლო ასევე პირველობისთვის მებრძოლ “ლევსკის” 2:1 მოუგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბულგარელი გიორგ ივანოვია.
ბოლოსკენ კი გეტყვით, რომ ხვალინდელი ჩვენი მოწინააღმდეგე ბულგარეთის თასის ორგზის მფლობელია 2006 და 2008 წლებში. “ჩერნო მორე” ოთხჯერ არის ქვეყნის ჩემპიონი – 1925, 1926, 1934 და 1938 წლებში. რაც შეეხება ევრო ტურნირებს – ბულგარელებმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე ბოლოს 2009-2010 წლების სეზონზე იასპარეზეს. მეორე ეტაპი წარმატებით დაძლიეს და გათამაშებას მოლდოვური “ისკრა” გამოთიშეს. ხოლო შემდეგ ჰოლანდიური ბარიერის დაძლევა ვეღარ მოახერხეს – პსვ-მ ორივე შეხვედრაში ერთნაირი შედეგით 1:0 დაამარცხა “ჩერნო მორე”.
FCSaburtalo.GE