“საბურთალოს” პრეზიდენტი: “ხვალ უეფას შესაბამის ორგანოებს ოფიციალურად მივმართავთ”
“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ კლუბი უეფას შესაბამის ორგანოებს მიმართავს, რათა უკრაინული ვებ-გვერდის მიერ შესაძლო გარიებულ მატჩებში მონაწილეობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეისწავლონ.
ხეჩიკაშვილმა გულშემატკივრებს იმედის გაცრუებისათვის ბოდიში მოუხადა.
“პირველ რიგში, მინდა, ყველა გულშემატკივარს, ვისაც იმედები გავუცრუეთ, დიდი ბოდიში მოვახსენო. ალბათ, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთულ დღეებს გავდივარ. გუშინდელი დღე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში, როგორც ყველაზე რთული. თუმცა, დღეს კიდევ უარესი მელოდა წინ, როცა კომენტარები წავიკითხე.
შოკში ვართ, მაგრამ კიდე უფრო შოკირებულები ვართ, რომ კლუბის იმიჯსა და კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა. მეც მოვხვდი იმ ადამიანების რიგში, ვის მიმართაც შეკითხვებია. მე მესმის, როცა საუბარია გუნდის შემადგენლობაზე, მის დაკომპლექტებაზე – ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამ კრიტიკას მივიღებ.
ის ადამიანები, რომლებიც მატჩის გარიგებაში ბრალს გვდებენ, ალბათ, ამას უშვებენ. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულები არ ვართ და აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. უკვე ორი ათწლეულია კლუბში ვართ, ჩემ პარტნიორებთან ერთად ინვესტიციები მოგვაქვს და ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ მოვდივართ. ეს კლუბი ნოლიდან შევქმენით და როგორც ვენახს აშენებს ადამიანი, ისე ვუვლიდი. როგორ წარმოგიდგენიათ, ის სიყვარული, ის ერთგულება და თავდადება, რაც ჩვენი გულშემატკივრის მხრიდან დავინახეთ, ვინმე რაიმეს საფასურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა? რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა აზრად, რომ 20 წლის შრომა სასწორზე დადოს.
ყველა კითხვა რომ მოიხსნას, მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით – ჩვენ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა ამ მატჩის შესწავლა დაიწყონ. უნდა მოიძიონ უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის წყარო და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გაგვცენ პასუხი. იმედია, მათ აქვთ ამის კომპეტენცია. როგორც წესი, ასეთ თამაშებს თვითონ სწავლობენ, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. “საბურთალო” ყოველთვის მოდიოდა თავისი პატიოსნებით და ეს იცის ყველამ”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.