საჩემპიონო თამაშის მოლოდინში
ბრაზილიის ნაკრებმა ვერც მეორე მატჩში შესძლო მთავარი ფავორიტისთვის შესაფერისი თამაშის ჩვენება.
სასტარტო მატჩებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ბრაზილია და მექსიკა ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ მატჩში შეხვდნენ. ფავორიტად ბრაზილია იყო შერაცხული, თუმცა მექსიკელები აუტსაიდერის როლით დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ, რაც შეხვედრის პირველივე წუთებზე გამოჩნდა.
მატჩის დებიუტი ერერას შეგირდების უპირატესობიტ წარიმართა. თუმცა, მალევე ბრაზილიელებმა შეხვედრის ხასიათი შეცვალეს და ბურთზე კონტროლი მოიპოვეს. რამდენიმე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან განახორციელეს, სადაც ოსკარი და მარსელო აქტიურობდნენ. მექსიკელებმა ფრთხილი ტაქტიკა არჩიეს და დიდი ძალებით წინ არ მიდიოდნენ. პირველი ხიფათი ჟულიო სეზარის კართან ტაიმის შუაში შეიქმნა, თუმცა ვითარება ტიაგო სილვამ განმუხტა.
ბოლომდე არ ბრაზილიელებს გაუხსნიათ თამაში, მაგრამ რამდენიმე რეალური მომენტის შექმნა მოახერხეს. თუმცა, გილერმო ოჩოა გუშინ შეუდარებელი იყო.
მეორე ტაიმი ბრაზილიელთა ცვლილებით დაიწყო. ინტერტული რამირესისი ნაცვლად სკოლარიმ მოედანზე ბერნარდი შეუშვა. “შახტარის” ნახევარმცველი პირველი სახიფათო შეტევის ავტორი გახდა, თუმცა მისი გადაცემის შემდეგ ნეიმარს მცველებმა დაასწრეს. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ მასპინძლებს მე-60 წუთამდე არაფერი შეუქმნიათ და ინიციატივაც მექსიკელებმა მოიპოვეს. ერერამ და ვასკესმა საკმაოდ კარგი მომენტები შექმნას ბრაზილიის კართან.
ბოლო ნახევარი საათი მასპინძლების იყო. სკოლარის გუნდმა მოუმატა და მომენტებიც შექმნა, თუმცა მუნდიალის მთავარ ფავორიტს რაღაც მაინც აკლდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გილერმო ოჩოას შესანიშნავი თამაში. დიდწილად სწორედ მექსიკელთა კიპერის დამსახურებაა გუშინდელ შეხვედრაში მოპოვებული ქულა.