“ჩიხურასა” და “აბერდინს” შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ დასრულდა
ხუთშაბათს, 25 ივლისს, ბორის პაიჭაის სახელობის “დინამო არენაზე” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შედგა საჩხერის “ჩიხურასა” და შოტლანდიურ “აბერდინს” შორის.
შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმარი გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “აბერდინი” საჩხერული კლუბის საჯარიმოსთან საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. საპასუხოდ, საჯარიმოში შესულ ირაკლი ლეკვთაძეზე უხეშობის შედეგად დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა საჩხერელთა 15-ე ნომერმა გიორგი კორიფაძემ – 1:0.
მეორე ტაიმში “დინამო არენაზე” შეკრებილმა პუბლიკამ გაცილებით უფრო აგრესიული “აბერდინი” იხილა. შეხვედრის 67-ე წუთზე შოტლანდიური გუნდის მიერ წარმოებული მცირე შტურმი ჰამზიჩის კარში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა დააგვირგვინა – მაისაშვილს ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი კი გოლად ქოსგროუვმა გარდასახა.
თამაშის დარჩენილ დროში “ჩიხურა” მთელი ძალებით ცდილობდა მეტოქის კართან საფრთხის შექმნას, თუმცა ბოლო მომენტში ხან ლეკვთაძეს აკლდებოდა სიზუსტე, ხან კი დეკანოიძე ვერ ახერხებდა ბურთის დამუშავებას. 84-ე წუთზე “ჩიხურამ” ბრწყინვალე იერიში განახორციელა და რომ არა სტუმართა მეკარის უზუსტესი თამაში ერგემლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდებოდა “აბერდინის” კარის ბადეში.
ასე რომ, სოსო ფრუიძის ბიჭები ფავორიტად შერაცხულ “აბერდინს” ტოლსწორად ეთამაშნენ და განმეორებითი მატჩის წინ მომდევნო ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსიც დაიტოვეს. “აბერდინსა” და “ჩიხურას” შორის გასამართი განმეორებითი მატჩი 1 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.