საინტერესო ამბავი – რისგან დაამზადებენ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლებს
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მედლები სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების შედეგად დამზადდება. ამ ხერხით, იაპონური მხარე სხვადასხვა რესურსების დაზოგვას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა გააკეთეს.
“ბიბისის” ცნობით, სხვადასხვა ელექტრონული ნარჩენების შეგროვება 2017 წელს დაიწყო. შეგროვებულ ნივთებს შორის ძველი სმარტფონები და ლეპტოპები ჭარბობენ. ორგანიზატორების მიზანია, რომ 30.3 კილოგრამი ოქრო, 4100 კილოგრამი ვერცხლი და 2700 კილოგრამი ბრინჯაო შეაგროვონ. მათი თქმით, ისინი დასახულ მიზანს წელსვე, მარტში მიაღწევენ.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედლების დიზაინი საზოგადოებისთვის ცნობილი 2019 წელს გახდება. გადასამუშავებელ ნივთებს იაპონიის მოქალაქეები და ბიზნესის ინდუსტრიის წარმომადგენლები აბარებენ.
ცნობისთვის, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების 30 პროცენტი გადამუშავებული მასალებისაგან იყო დამზადებული.