საკალათბურთო სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
დღეს საკალათბურთო სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ბოლო დღეებში სუპერლიგის გუნდებმა არაერთი მოთამაშე, ძირითადად ლეგიონერები, დაიმატეს.
3-3 მოთამაშით შეივსეს რიგები „შსს-აკადემიამ“, „დინამომ“, „სოხუმმა“, „რუსთავმა“ და „ოლიმპმა“. მთლიანობაში კი ტრანსფერის გარეშე სუპერლიგის არც ერთი გუნდი არ დარჩენილა.
აკადემიელებმა დაიმატეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – ნიკა მეტრეველი და მიხეილ ბერიშვილი, ასევე, ამერიკელი ცენტრი კრის ბრასველი, რომელიც ბოლოს ურუგვაის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა.
თბილისის „დინამომ“ ერთი ქართველი, ერთი სერბი და ერთიც ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურს მეორე წრიდან თეიმურაზ ბაბუნაშვილი, მარკო პოპოვიჩი და გარიკ შერმანი მოირგებენ. ბაბუნაშვილმა პირველი წრე „მგზავრები-არმიაში“ გაატარა, ამერიკელი შერმანი პოლონეთში თამაშობდა, ხოლო სერბი მარკო პოპოვიჩი საკუთარ სამშობლოში – გუნდ „ნოვი სადის“ ღირსებას იცავდა.
სამი ახალწვეული ჰყავს „სოხუმსაც“ – ბექა ბექაური, პელე პეილეი და დარიუს გილმორი. ბექაურმა პირველი წრე „ქუთაისში“ გაატარა, ლიბერიელი პეილეი საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა, ხოლო დარიუს გილმორს რაც შეეხება, ის ამერიკაში, სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა.
„მგზავრები-არმიამ“ ტარიკ ჯეკსონი და ადრიკ მაკკინი დაიმატა. ჯეკსონი ამერიკელია და გასული სეზონი ისტაელში გაატარა, რაც შეეხება ასევე ამერიკელ მაკკინს, მან სეზონის პირველი წრე მაროკოში ითამაშა.
„ოლიმპის“ შემადგენლობაში 3 ახალწვეულია. უკრაინელი დენის ნოსკოვი, რომელმაც პირველი წრე უკრაინის სუპერლიგის გუნდ „ბკ ოდესაში“ გაატარა, 226 სანტიმეტრი სიმაღლის სერბი მარკო დუიკოვიჩი ბოსნიურ „ბოსნა როიალსში“ თამაშობდა, ხოლო მესამე ახალწვეული ქუთაისელი გიორგი ცირეკიძეა.
„ქუთაისმა“ 2 მოთამაშე და 1 მწვრთნელი შეიმატა. „ბათუმის“ თავკაცი, მიხეილ კობეშავიძე ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, მალხაზ კოხრეიძეს ასისტენტი იქნება. იმერულ კლუბში ითამაშებს მანამდე „მგზავრები-არმიაში“ მოასპარეზე ოთარ ბულიავა და სლოვენიელი მირზა სარალია, რომელიც „ქუთაისში“ ალბანეთის ჩემპიონატიდან მოდის.
„რუსთავს“ დაუბრუნდა კამერუნელი ჟოლივეტ ტუჯანი და ამერიკელ კაილი ნელსონი. ეს უკანასკნელი რუსთაველთა ღირსებას 2012-13 წლების სეზონშიც იცავდა, ხოლო ტუჯანს სხვადასხვა წლებში არაერთ სეზონში დაუცავს ქვემოქართლური გუნდის სახელი. რუსთაველებმა ნორვეგიელი ტერენს ოგლსბიც შეიმატეს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და გასულ წრეში საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა.
დაბოლოს, „ბათუმს“ ახალი მთავარი მწვრთნელი და ერთი ახალწვეული ჰყავს – 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი ზღვისპირულ გუნდს გაწვრთნის, ხოლო ნიკა რამიშვილი, რომელმაც პირველი წრე ყაზახურ „კასპიაში“ გაატარა, თავის მშობლიურ, ბათუმურ გუნდს დაუბრუნდა.
გუნდი | დამატებული მოთამაშის სახელი და გვარი |
რუსთავი | ტერენს ოგლსბი, ჟოლივეტ ტუჯანი, კაილ ნელსონი |
შსს-აკადემია | მიხეილ ბერიშვილი, ნიკა მეტრეველი, კრის ბრასველი |
დინამო | მარკო პოპოვიჩი, გარიკ შერმანი, თეიმურაზ ბაბუნაშვილი |
ოლიმპი | მარკო დუიკოვიჩი, დენის ნოსკოვი, გიორგი ცირეკიძე |
სოხუმი | პელე პეილეი, დარიუს გილმორი, ბექა ბექაური |
მგზავრები-არმია | ადრიკ მაკკინი, ტარიკ ჯეკსონი |
ქუთაისი | მირზა სარალია, ოთარ ბულიავა |
ბათუმი | ნიკა რამიშვილი |
superleague.ge