სახალისო ტურნირი აკადემიაში
დინამო თბილისის ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში დღეს მინი-ფეხბურთში სახალისო ტურნირი გაიმართა. დინამოელთა და ფან-კლუბ გლადიატორების ინიციატივით შეჯიბრს დროის შესაფერისი სახელიც დაერქვა – დინამოს საახალწლო თასი.
ტურნირში მონაწილეობა გლადიატორებმა, აკადემიის მწვრთნელთა ორმა გუნდმა და დინამოელებმა მიიღეს. წრიული სისტემით გამართული საინტერესო ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება პირველ-მეორე ადგილზე გასულმა დინამომ და აკადემიის გუნდმა მოიპოვეს, რომელთა შეხვედრაც ჯგუფურ ეტაპზე ფრედ 3:3 დასრულდა. არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ფინალური მატჩიც. თამაში 6/6, ორი 10 წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.
დინამოს შემადგენლობაში თამაშობდნენ- მათე ცინცაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, დავით ჯიქია და აკადემიაში მოთამაშე მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. აკადემიის მწვრთნელთა გუნდში- ლექსო აბრამიშვილი, სოსო ჭიკაძე, დავით დათვაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, ოთარ გაგნიძე, ვლადიმერ გოჩაშვილი, ვლადიმერ კაკაშვილი, ზურაბ ელიავა და ზაზა ჯანაშია გამოდიოდნენ.
დინამო პაპუნაშვილმა დააწინაურა, მაგრამ გოჩაშვილმა მალე გაათანაბრა. მომდევნო გოლები ჯიქიას და ლობჟანიძის გახლდათ, მაგრამ ისევ გოჩაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო გოლი კვლავ ლობჟანიძემ გაიტანა და ტურნირზე ყველაზე მეტი- 6 გატანილი ბურთიც დაუგროვდა.
დინამოს საახალწლო თასი ფან-კლუბ გლადიატორების ლიდერის- როლანდ გაფრინდაშვილისგან დინამოელმა- ნიკა ჭანტურიამ მიიღო.
fcdinamo.GE