სალაჰს მომდევნო სეზონში “ლივერპულის” რიგებში ნაკლები მატჩის ჩატარება მოუწევს
“ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი მომდევნო სეზონში საკლუბო დონეზე, სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლებ მატჩს ჩაატარებს, ვიდრე ჩვეულებისამებრ ატარებს ხოლმე.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 2021 წლის ზამთარში აფრიკის ერთა თასი ტარდება, რაც სალაჰისთვის საკლუბო ჩემპიონატში პოტენციურად ექვსი შეხვედრის გამოტოვებას ნიშნავს. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ეგვიპტის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შევქი ღარიბმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდში სალაჰის გამოძახებას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი “ლივერპულის” წინასასეზონო მზადებას გამოაკლდება და შესაძლოა, პრემიერლიგის პირველი ორი ტურიც გამოტოვოს.
იანვარში “ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, წინასასეზონო პერიოდის გავლას მთლიანი გუნდით ვისურვებდი, მაგრამ მესმის, რომ ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული მოვლენა არისო.