სალიმი: “ჩემს გარდა ყველას ხელი ჩამოართვეს – ბევრი ფული უნდა დავხარჯოთ”
ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა ბეჰდად სალიმიმ განაცხადა, რომ მას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა დარბაზში ხელი არ ჩამოართვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე სალიმიმ მესამე ადგილი დაიკავა, მეორე პოზიციაზე მისი თანამემამულე გავიდა, ჩემპიონი კი ლაშა ტალახაძე გახდა.
“ჩემთვის ეს ტურნირი კარგიც იყო და ცუდიც. კარგა ის, რომ მე იმ გუნდის წევრი ვარ, რომელმაც საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ცუდს, გამეორდა იგივე, რაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, დარბაზში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა ხელი ყველა სპორტსმენს ჩამოართვა, თუმცა ის ირანის ნაკრების კუთხისაკენ არც კი მოსულა. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა. ჩემმა კონკურენტება და ექსპერტებმა მითხრეს, რომ ჩემი მისვლა უნდა ჩათვლილიყო.
რა გამოსავალს ვხედავ? პირველ რიგში, პოლიტიკური ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. ასევე, თუ წარმატება გვსურს, ბევრი ფული უნდა დავხარჯოთ, რათა გავლენიანი პიროვნებების მხარდაჭერა მოვიპოვოთ. თუ ეს მოხდება, მაშინ იგივე არ გამეორდება, რაც წინა ტურნირებზე მოხდა”, – ციტირებს სალიმის სიტყვებს Tamsim News.