სალომე ფაჟავას ბრინჯაოს მედალი მოსკოვის გრან პრიზე (ვიდეო)
მოსკოვში გამართულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან-პრის ეტაპზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის, რგოლით ვარჯიშში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები – ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე), რომელმაც 2015 წელს ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვა.
ფაჟავამ მოსკოვის გრან პრიზე განსაკუთრებით რგოლში იყოჩაღა – ფინალში მან 18.016 ქულა დაიმსახურა და მცირედით ჩამორჩა პირველ-მეორე ადგილებზე ალექსანდრა სოლდატოვას (რუსეთი, 18.500) და ია იონ სონს (კორეა, 18.283).
გურზებით ვარჯიშში, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა ტანმოვარჯიშემ “რაჭულის” ფონზე შეაარულა, არბიტრებმა სალომე 18.150 ქულით შეაფასეს, მაგრამ ეს მხოლოდ მე-5 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. აქ კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. მარგარიტა მამუნი (რუსეთი, 18.950), 2. არინა ავერინა (რუსეთი, 18.350), 3. მელიტინა სტანიუტა (ბელორუსი, 18.316). მეოთხე იყო ია იონ სონი – 18.250.
ბურთითა და ლენტით ვარჯიშები ფაჟავა მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამებით წარსდგა, ფინალურ ეტაპზე გააღწია და საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიმსახურა: ბურთით (17.933) მეხუთე, ლენტით (16.633) კი მერვე იყო.
რაც შეეხება მრავალჭიდს, სალომე ფაჟავამ 71.748 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, რაც სეზონის დებიუტისთვის არ არის ურიგო. მით უმეტეს, რომ ფაჟავა ბრინჯაოს პრიზიორს მხოლოდ 0.936 ქულით ჩამორჩა. 74.066 ქულით გრან პრი ალექსანდრა სოლდატოვამ მოიგო. მეორე-მესამე ადგილები ია იონ სონმა (72.964) და არინა ავერინამ (72.682) გაინაწილეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური