სალუქვაძე: “ოცდაცხრამეტივე სპორტსმენი ოლიმპიადის სამოსთან დაკავშირებით ერთ აზრზეა!”
ქართველ ოლიმპიელებს ტანისამოსი “სამოსელი პირველმა” შეუკერა. აღნიშნულმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველებში. ბევრი ამბობდა, რომ მას არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნულთან.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართველ ტყვიის მსროლელს, ნინო სალუქვაძეს და ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“სამოსი შექმნილია ეროვნული ორნამენტების გამოყენებით; მორგებულია ყველანაირი კონფიგურაციის ადამიანზე; გათვალისწინებულია დროშის ფერებიც; ის კლიმატური პირობებიც კი, რაც რიოში დაგვხვდება! ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოცდაცხრამეტივე სპორტსმენს ჰკითხეს მის შესახებ და ამ ტანსაცმლით ყველა კმაყოფილია. ის ყველას უხდება.
უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ მე პირადად კლასიკური სამოსის მომხრე ვიყავი, მაგრამ სპორტსმენთა უმრავლესობით, ნაციონალური სტილის ჩასაცმელი გადაწყდა.
სამოსის სამი ვარიანტი გვაქვს. იქ, ადგილზევე გადაწყდება, რომელი უნდა ჩავიცვათ. ის ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ავარჩევთ ტანსაცმელს, მხოლოდ ამინდია. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ბრაზილიაში ახლა ზამთარია. ღამით 14-16 გრადუსია და ცერემონიალი გვიან, ორ-სამ საათზე დასრულდება.
მართალი გითხრათ, ამხელა ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს ამ საკითხზე. ჩვენ, სპორტსმენებს სხვა, გაცილებით საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს გასაკეთებელი,” – განუცხადა Fanebi.Com-ს 47 წლის სპორტსმენმა.