სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ნათათრალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
2012 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს სამბოში, ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ, უმასპინძლა. დღეს, 14 ოქტომბერს, 56კგ. წონით კატეგორიაში 17 წლის გიორგი ნათათრალაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
გიორგისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მანამდე ის ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის პრიზიორი. ჩემპიონატისთვის ნათათრალაშვილმა 3-თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი წვრთნები გაიარა და შედეგითაც კმაყოფილია.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო, რაც აქამდე ჩამიტარებია. შესაბამისად, ამისთვის სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი გამარჯვებისთვის და პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგით უკმაყოფილი არ ვარ, გაუმჯობესებას კი აუცილებლად ვაპირებ,“- ამბობს ნათათრალაშვილი.
შედეგით კმაყოფილია ახალგაზრდა სპორტსმენის მწვრთნელი, ემილ რაშიც, რომელიც მას უშუალოდ ჩემპიონატისთვის ამზადებდა. რაშის თქმით, ნათათრალაშვილს დიდი პერსპექტივა აქვს და მომავალ ჩემპიონატებზე მისგან პირველ ადგილსა და ოქროს მედალს ელოდება.
„საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენია და ვფიქრობ, შემდეგ ჩემპიონატებზე საბოლოო გამარჯვების მოპოვებას, ვგულისხმობ პირველ ადგილს, თავისუფლად შეძლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ეს დიდ იმედსაც მაძლევს,“ – აცხადებს ემილ რაში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი სამივე სახეობაში ჭიდაობს. ნათათრალაშვილი ასპარეზობს როგორც ძიუდოში, ასევე სამბოსა და ქართულ ჭიდაობებში. სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი მომავალ წელს უკვე ახალგაზრული ნაკრების წევრობას გეგმავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონატებზე გამარჯვებაა.