სამეგრელოს რეგიონიდან 3X3 ჩემპიონატის ფინალში L.R.G. გავიდა
3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურს გუშინ ზუგდიდმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ თავი 17-მა გუნდმა მოიყარა. გუნდები, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონებს წარმოადგენდნენ (ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, ფოთი, სენაკი, ჩხოროწყუ), თუმცა ზუგდიდში სათამაშოდ ქუთაისური გუნდი ,,ბრატებიც’’ ჩავიდა. სწორედ ერთადერთი ქუთაისური გუნდი (გიორგი კილაძე, ვიქტორ კოღუაშვილი, ზურა ლომიძე, საბა სვანიძე) გახდა ტურის გამარჯვებული, ფინალურ მატჩში მათ ‘’L.R.G’’ (გიორგი ბოხუა, კირილე თათუნაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე) 13:11 დაამარცხეს.
მიუხედავად წაგებისა,12 ივლისის საქართველოს ფინალის საგზური სწორედ ‘’L.R.G’’-ს ერგო. დებულების თანახმად, ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება მხოლოდ ამ რეგიონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს აქვს.
17 გუნდი 6 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ფინალში საუკეთესო ორმა გუნდმა ისპარეზა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ზუგდიდის ტურის ჩემპიონის ტიტული ,,ბრატებმა’’ მოიპოვა.
გუნდები მედლებითა და სიგელებით სამეგრელოს გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლევან ციცავამ დააჯილდოვა. გამარჯვებულ ,,ბრატებს’’ მედლებთან და სიგელებთან ერთად საჩემპიონო თასიც გადაეცათ.
ჩემპიონატის მორიგი ტური 2 ივლისს ქუთაისში გაიმართება.
gbf.ge