სამი წლის შემდეგ დაბრუნებული დერბი
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
იმერეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2009 წლის 8 აგვისტოს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 8 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში უპირობო უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა – 8 მოგება, 0 ფრე და 0 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 29:7.
საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან სამტრედიელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანიათ – ორივე ამ ფეხბურთელს ოპონენტთა კარი 7-7-ჯერ აქვთ აღებული. 3 გოლი რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშიზეა, ხოლო 2-2-ჯერ “სამტრედიის” კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, ირაკლი ძარია და გიორგი ონიანი) შეურხევია.
დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი მომავალი მეტოქის კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლით ჯაბა დვალის გარდა თავს გიორგი ხიდეშელიც იწონებს …
საფეხბურთო კლუბ “სამტრედიასთან” 12 სექტემბერს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური