სამმაგ დუბლამდე ფაჩულიას 3 პასი დააკლდა: ფილადელფიაში ზაზა ისტორიულ შედეგამდე მივიდა
ზაზა ფაჩულიასთვის ორმაგი დუბლი ჩვეული მოვლენა ხომ გახდა და ქართველმა ფორვარდმა სამმაგ დუბლს შეუტია. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, რომელიც მისმა „მილუოკიმ“ ფილადელფიაში გამართა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ფაჩულიას გამორჩეულ შედეგამდე 3 პასი დააკლდა. ქულა-მოხსნები ზაზამ ორნიშნა რიცხვით გამოხატა, თუმც პასებში „მხოლოდ“ 7-ს უწია და სამმაგ დუბლს ვერ შესწვდა.
აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს ეგების გახსენება. ოფიციალურ მატჩებში ზაზას სამმაგი დუბლი არასდროს შეუსრულებია, თუმც ამ გამორჩეულ შედეგამდე ყველაზე ახლოს გასული წლის 27 აგვისტოს გამართულ მატჩში იყო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი თბილისში პორტუგალიასთან ჩაატარა და 71:59 იმარჯვა, ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კი შეხვედრა 15 ქულით, 10 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.
სამმაგ დუბლს მიუახლოვდა ზაზა დღეს, გამთენიისას, „ფილადელფიაშიც. „მილუოკიმ“ ადგილობრივი „სიქსერსი“ 97:77 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა კი ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ზაზას განსაკუთრებული როლი იქიდანაც ჩანს, რომ მან მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 32:12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ფაჩულიამ 10-დან 5 ორქულიანი და 1-დან1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 5 ჯარიმა მიიღო და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
მილუოკელებმა გუნდურად ითამაშეს. არც ერთ მათგანს არ დაუგროვებია 20 ქულა. ყველაზე მეტი – 18-18 ბრენდონ ნაითმა და კრის მიდლტონმა მიითვალეს. 15 დააგროვა ოჯეი მაიომ, ჯარიდ ბელისის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. მილუოკელებმა მასპინძლებს თავიდანვე მოუთავეს ხელი, როცა საწყისი პერიოდი 27:11 გააცამტვერეს და მოპოვებული უპირატესობა დარჩენილ დროში იოლად შეინარჩუნეს.
მილუოკელები, რომლებიც კარგა ხანია უკვე აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე იმყოფებიან, მათ წინ მყოფ გუნდთან ჩამორჩენას ნელ-ნელა ამცირებენ. „კლივლენდს“, რომელიც მე-5 ადგილზეა, 19 მოგება და 17 მარცხი აქვს, ფაჩულიას გუნდს კი – 19 მოგება და 18 წაგება.
მომდევნო მატჩს მილუოკელები 9 იანვარს, შინ „მინესოტასთან“ ჩაატარებენ.
gbf.ge