სამტრედია საგარეო სამინისტრომ კოსოვოში სათამაშოდ არ გაუშვა
ევროპის ხელბურთის ფედერაციის რანგით მესამე ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხელბურთის კლუბი სამტრედია ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ის არის, რომ იმერლებს მეტოქედ კლუბი კოსოვა ერგოთ, მაგრამ საქართველო არ აღიარებს კოსოვოს, სერბეთის ყოფილ ნაწილს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს. საქართველოს საგარეო სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა ხელბურთის ფედერაციას, უარი ეთქვა თამაშზე.
აქედან გამომდინარე, კლუბ კოსოვას ორივე მატჩში, რომელიც 16–17 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მოგება ჩაეთვალა.
აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კოსოვო 2014 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრია, ისევე როგორც, ევროპის ხელბურთის ფედერაციისა და მონაწილეობს ყველა ტურნირში. აქედან გამომდინარე, კოსოვოს გუნდებთან მომავალი შეხვედრები გარდაუვალია და ამ ფაქტის წინაშე უთუოდ დადგებიან სხვა სპორტული ფედერაციები, ამიტომაც საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ.
2015 წელს მეორედ მოხდა, როდესაც შეხება გვქონდა კოსოვოსთან. ივნისში გაიმართა ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი. საქართველო მონაწილეთა შორის იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურნირის მასპინძლობა კოსოვოს ერგო, იძულებული გახდა, უარი ეთქვა თამაშზე.
მაშინ სიტუაციიდან უჯარიმოდ გამოვედით, მაგრამ ახლა სამტრედიულ კლუბს ჯარიმა და დისკვალიფიკაცია ელის სიტუაციაში, რომელშიც თავად დამნაშავე არაა.