“სამტრედიამ” “დინამოს” თბილისში მოუგო (ვიდეო)
ეროვნული ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა “დინამო არენაზე,” – ადგილობრივმა გუნდმა “სამტრედიას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე თბილისელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თოთაძე მივიდა. ამ მომენტში იმერელთა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ამის შედეგ ორივე გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, რიგ შემთხვევაში მეკარეები თამაშობდნენ დამაჯერებლად, თითო-თითოჯერ კი, ხარიხამ იხსნა ორივე გუნდი.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბულად დაიწყო, გუნდები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. კარგი მომენტი შეექმნათ “დინამოელებს”, თუმცა მიგინეიშვილმა შეუცდომლად ითამაშა. 89-ე წუთზე სტანდარტული ჩაწოდებიდან სამტრედიელთა ლეგიონერმა, ანრი ნდონგიმ თავური დარტყმით ლიტოვჩენკოს კარი დალაშქრა. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.
იმერლების ამ გამარჯვების შემდეგ, ეროვნულ ლიგაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. “დინამო” 65 ქულით პირველია და მხოლოდ ერთით უსწრებს “ტორპედოს”. “სამტრედიას” 61 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.
სასტარტო შემადგენლობები:
“დინამო” – 1. სერგი ლიტოვჩენკო, 3. ლაშა თოთაძე, 5. ლევან გეგეჭკორი, 6. ბაქარ ქარდავა, 7. გიორგი ზარია, 8. ოთარ კიტეიშვილი (C), 9. ბექა მიქელთაძე, 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 27. გიორგი კუცია, 31. ბექა ქავთარაძე.
“სამტრედია” – 12. ომარ მიგინეიშვილი, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 10. ნიკოლოზ საბანაძე, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 20. გიორგი ახალაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი.