“სამტრედიას” კაპიტანი:”რევანშის ასაღებად ვემზადებით!”
რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანში სამტრედიის “სამტრედიამ” “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დამარცხდა ადგილობრივ “გაბალასთან.” აღნიშნულ მატჩსა და განმეორებით გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა Fanebi.Com-თან.
კატასტროფული მარცხის მიზეზებზე: “ყველაფერი, ალბათ, სწრაფმა გაშვებულმა გოლმა გამოიწვია. ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდით. ამით კი ისარგებლა მეტოქემ და ორი გოლი კიდევ მოგვაყოლა. ამის მერე ურთულესი აღმოჩნდა თამაშში დაბრუნება. ვცდილობდით, გონზე მოსვლას და სხვაობის შემცირებას. ერთი გოლი გავიტანეთ კიდეც, მაგრამ დაბნეულობა მაინც ვერ დავძლიეთ. შესაბამისად, ისევ ამ დაბნეულობისა და მისგან გამოწვეული ჩვენი შეცდომების ხარჯზე კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქემ კარის აღება.
გუნდში არსებულ განწყობასა და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედებზე: “შანსები, მართლაც, ძალიან მცირეა,მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს ერთი სული აქვს როდის მოვა განმეორებითი შეხვედრა, რომ შევძლოთ რევანშის აღება და იმის დამტკიცება, რომ არ ვიყავით ესეთი მარცხის ღირსი. შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს! ჩვენ ამისთვის ძალას არ დავიშურებთ!”
მიმართვა გულშემატკივარს: “სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ვწუხვართ, რომ პირველ თამაშში იმედები გავუცრუვეთ, მაგრამ, იმედია, მათი გულის გახარებას მეორე მატჩში შევძლებთ!”
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 ივლისს “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” გაიმართება.