“სამტრედიას” ზედიზედ მეათე მოუგებელი შეხვედრა ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ მათგანში ბოლნისის “სიონმა” სამტრედიის “სამტრედია” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღო. ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი ალექსანდრე გურეშიძე გახდა. თუმცა, ზუსტად რვა წუთში გიორგი ერისთავმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. მეორე ნახევარში, ერთ-ერთ მომენტში ლაშა მანაგაძე შევიდა იმერელთა საჯარიმოში და კარისკენ დაარტყა, თუმცა გივი ქარქუზაშვილს ბურთი ხელში მოხვდა. ამაზე მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რამაც “სიონის” მოთამაშეთა და სამწვრთნელო შტაბის აღშფოთება გამოიწვია. მათ შორის იყო ალექსანდრე კოშკაძე (უკვე შეცლილი მოთამაშე), რომელმაც ზედმეტი საუბრის გამო, წითელი ბარათი მიიღო და სათადარიგოთა სკამის დატოვებაც მოუწია. საბოლოოდ, ფრე – 1-1.
ამ მატჩის შემდეგ ბოლნისლებმა რვა ქულა დააგროვეს და მეცხრე ადგილზე არიან. ხოლო, იმერლებმა უკვე ზედიზედ მეათე შეხვედრა ვერ მოიგეს. “სამტრედია” რვა ქულით მერვეა.