სამტრედიელ დუბლიორთა განადგურება ზესტაფონში
2014 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ბარბაქაძე, ხიდეშელი (ჩიტორელიძე, 46), რობაქიძე, ენდელაძე (გოგავა, 78), ვაჭარაძე, სამუშია (კანდელაკი, 46), ჭანკოტაძე (ბუბულაშვილი, 80), ფანცულაია, მიქელთაძე, კაპანაძე (ჩუბინიძე, 74).
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და 14-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც – სტუმართა საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა ფორვარდი თორნიკე კაპანაძე “სამტრედიის” კარის სიახლოვეს დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო მეტოქე გუნდის მცველები მისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ეპიზოდი დასრულდა იმით, რომ ბურთი კარის ბადეში აღმჩნდა…
28-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა – ბექა მიქელთაძე სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, ცრუმოძრაობით გოლკიპერი უსაქმოდ დატოვა და ბურთი ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა. სამტრედიელებმა გაიბრძოლეს და ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 40-ე წუთზე ლევან შილაკაძემ აუღებელი დარტყმით დალაშქრა დავით კუპატაძის კარი…
მეორე ტაიმში კი ზესტაფონელთა ბაზის მწვანე მინდორზე “ცალკარა” გაღაღდა – 50-ე და 79-ე წუთებზე ბექა მიქელთაძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა სტუმართა კარში. ამ გოლებს შორის (72-ე წუთი) თავის გოლი დემურ კანდელაკმა გაიტანა. 83-ე წუთზე “სამტრედიის” დუბლიორთა კარი მეექვსედ გიორგი ფანცულაიამ აიღო, ხოლო 88-ეზე ბექა მიქელთაძემ დღევანდელ შეხვედრაში “პოკერი” შეასრულა. ზესტაფონელთა გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიშით 7-1.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური