სამუელ ეტოომ კარიერა დაასრულა
კამერუნის ნაკრების, “ბარსელონას”, მილანის “ინტერისა” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ 38 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.
“ეს დასასრულია. წინ ახალი გამოწვევები მელის. ყველას დიდ მადლობას გითვლით”, – დაწერა სოციალურ ქსელში ეტოომ.
კამერუნელი ფეხბურთელი ბოლოს საფეხბურთო კლუბ “ყატარის” ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, ეტოოს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა მადრიდის “რეალი”, “მალიორკა”, “ბარსელონა”, “ინტერი”, “ჩელსი” და “ევერტონი”. მას ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ, ხოლო თასი ორჯერ აქვს მოგებული, სერია A ერთხელ მოიგო, ხოლო ქვეყნის თასი – ორჯერ, “ბარსელონასა” და “ინტერის” რიგებში ჯამში სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
სამუელ ეტოო კამერუნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ის ეროვნული გუნდის ღირსებას 1996-დან 2014 წლამდე იცავდა და ორჯერ კონტინენტის პირველობის გამარჯვებულიც გახდა (2000 და 2002 წლებში), ხოლო ერთხელ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს დაეუფლა (2000 წელი). ეტოო ოთხჯერ დაასახელეს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (2003, 2004, 2005, 2010 წლებში), ხოლო ერთხელ ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მესამე ადგილი დაიკავა (2005 წელი). გარდა ამისა, ეტოო არაერთხელ ყოფილა ფიფასა და უეფას წლის სიმბოლური ნაკრების წევრი.