“სან დიეგო” იგებს, სანაძე კი ფორმას იღდგენს
არასაკონფერენციო მატჩებს აგრძელებს დუდა სანაძის „სან დიეგო“. სანამ ამერიკის სტუდენტური ლიგა ოფიციალურად დაიწყებოდეს, გუნდები ეგრედ წოდებულ არასაკონფერენციო მატჩებს მართავენ, რაც საერთო რეიტინგზე აისახება.
სანდიეგოელებმა მორიგი მატჩი თანაქალაქელ „სან დიეგო ქრიშენის“ უნივერსიტეტთან გამართეს და 71:61 დაამარცხეს. ეს გახლდათ სანდიეგოელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება და ახლა მათი არასაკონფერენციო მატჩების ბალანდი 7 მოგება და 5 მარცხია.
ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 11 წუთით გამოჩნდა. სანაძემ ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა და მისი სათამაშო დროის სიმცირეც ამის ბრალია. 11 წუთში დუდამ 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა მსროლელმა 3-დან 2 საჯარიმო და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
ამით სანაძის გუნდმა არასაკონფერენციო მატჩები დაასრულა და 27 დეკემბრიდან სტუდენტურ ლიგაში ოფიციალური მატჩები დაეწყება. „ვესთ ქოუსთის“ კონფერენციაში „სან დიეგოს“ პირველი მეტოქე „პორტლენდი“ იქნება, ხოლო 29 დეკემბერს სანაძის გუნდი „გონზაგას“ დაუპირისპირდება.
GBF.GE