სანან გურბანოვი: “ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ აუცილებლად გამარჯვება გვსურს”
“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა, სანან გურბანოვმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოსთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ვოლკოვი და გიგაური ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ვოლკოვი დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენ გუნდშია და ის გუნდს ტიტულების მოგებაშიც დაეხმარა. რაც შეეხება გიგაურს, ის ერთ თვეზე მეტია ჩვენთან იმყოფება. ორივე ქართველი “გაბალას” მნიშვნელოვანი ნაწილია.
შინ დავმარცხდით. “დინამო” საკმაოდ ძლიერი გუნდია. მეტოქე ახლაც საკუთარ მიმდინარე ჩემპიონატში თამაშობს და ფორმაშია. ჩვენ ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებსაც დებიუტი პირდაპირ ევროპის ლიგაზე ჰქონდათ. აქ მოსაგებად ჩამოვედით, ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ აუცილებლად გვინდა, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს.
მე პირველი მატჩის შემდეგაც აღვნიშნე, რომ “დინამო” საკმაოდ შეკრული გუნდია და ეს ძალიან მომწონს. მოთამაშეებიდან გუნდის კაპიტან შენგელიას გამოვარჩევდი. ასევე, რამდენიმე გვარის დასახელება შემიძლია, მაგრამ თავდამსხმელებს გამოვარჩევდი. ამ ეტაპზე ჩემი გუნდი ძალიან მომწონს, ამიტომ ჩემ გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ახალი გუნდი გვყავს. “გაბალა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. შანსი მივეცით ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია. გულშემატკივარი ჩვენგან უფრო მეტს ელის, ამიტომაც პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მწვრთნელის შეცვლაზე საუბარი ჯერ არ არის. სეზონი ახლა დაიწყო და ვცდილობთ, ძველი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი გავაკეთოთ.
ვიცით, რომ ხვალ საკმაოდ რთული თამაში გველის. ფეხბურთელებთან საუბარი გვქონდა და ჩვენთვის გამარჯვება აუცილებელია. წინა მატჩის ჩანაწერი ვნახეთ და შევეცადეთ “დინამოს” სუსტი წერტილები დაგვენახა. მნიშვნელოვანია, ხვალ შეტევაშიც და დაცვაშიც კარგად ვითამაშოთ”, – განაცხადა გურბანოვმა.
შეგახსენებთ, რომ “დინამო” – “გაბალას” დაპირისპირება 1 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.