სანჩესის და კომპანიის წარმატებული სტარტი
ჩილეს ნაკრებმა სასტარტო მატჩში ავსტრალიელები დაამარცხა და მნიშნველოვანი სამი ქულა მოიპოვა.
ჩილე-ავსტრალიას დაპირისპირება ესპანეთისა და ჰოლანდიის მატჩის ჩრდილში მოექცა. თუმცა, აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა.
ჩილელებისთვის ავსტრალიის დამარცხება ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად უმნიშნველოვანესი იყო. ეჭვი არავის ეპარება, რომ მწვანე კონტინეტის წარმოამდგენლებთან ამ ჯგუფში ყველა გუნდი მოახერხებს სამი ქულის მოპოვებას.
მატჩის დაწყებამდე ყველანაირი ფაქტორი ჩილელთა უპირატესობაზე მეტყველებდა, რაც მოედანზეც ნათლად გამოჩნდა. მე-14 წუთისთვის ჩილე სანჩესის და ვალდივიას გოლებით 2:0-ს იგებდა.
ასეთმა სტარტმა ჩილეს გუნდზე ფსიქოლგიურად იმოქმედა და გუნდი საგრძნობლად მოეშვა, რითაც ასტრალიელებმა მალევე ისარგებლეს. 35-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა და ჩილეს ნაკრებიც ისეთი დამაჯერებელი ვეღარ იყო. შეიძლება ითქვას, სამხრეთ ამერიკელებს შესვენებამ დროულად მოუსწრო. თუმცა, როგორც ჩანს სამპაოლიმ ვერც გასახდელში შესძლო საკუთარი ფეხბურთელების მობილიზება.
მეორე ნახევარი ავსტრალიელების ზეწოლით და გაუთავებელი ჩაწოდებებით დაიწყო, რაც საფინალო სასტვენის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო სახიფათო ხდებოდა.
ავსტრალიამ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა, რითაც ჩილელებმა შესანიშნავად ისარგებლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე სამპაოლის გუნდმა მესამე გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. ავსტრალიას კი სავარაუდოდ ქულის მოპოვებაც გაუჭირდება მიმდინარე ტურნირზე.