სანდრო ბაზაძე: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მსაჯებს პასუხი გავცე”
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ განაცხადა, რომ ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მზად იყო, მაგრამ ეს არაკომპეტენტური მსაჯობის გამო ვერ მოახერხა.
“გუშინდელი დღე ჩემთვის სამწუხაროდ დასრულდა. მაქსიმალურად მომზადებული და ყურადღებით ვიყავი ამ ოლიმპიური თამაშებისთვის. ერთი წლის წინ გადაიდო, მაგრამ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ბრძოლას, ვარჯიშს. ჩემი აზრით, ოქროს მედლის მოსაპოვებლად მზად ვიყავი. სამწუხაროდ, არაკომპეტენტური მსაჯობისა და დაუფასებლობის გამო გუშინ მედალი ვერ მოვიპოვე. ნახევარფინალში დავმარცხდი, მაგრამ ჩემს თავს წაგებულად არ ვთვლი, რადგან ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავასაჩივრო და პასუხი გავცე ამ არაკომპეტენტურ მსაჯებს. როცა შენ თავში დარწმუნებული ხარ და გრძნობ, რომ ოქროს მედალი შეგიძლია მოიპოვო, ასეთი რამ ცოტა რთული გადასატანია. მე ყურებს არ ჩამოვყრი და ჩემი მიზნისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ჩემი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო.
მინდა, თითოეულ ქართველ სპორტსმენს წარმატება ვუსურვო, რადგან ისინი საამაყო ქართველები არიან და ცდილობენ საკუთარი ქვეყანა ამხელა საზღვრებს გარეთ გაიტანონ. დიდი სურვილი მაქვს, ძალიან ბევრი მედლით დავბრუნდეთ საქართველოში”, – განაცხადა სანდრო ბაზაძემ.
*წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი