სანდრო ხაბაძე: “ფინეთში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ”
სანდრო ხაბაძეს “კაიანში” დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. 20 წლის ფორვარდს ფინეთში დავუკავშირდით და ახალ გუნდზე და მის შთაბეჭდილებებზე გავესაუბრეთ.
საინტერესოა, როგორ მოხვდი ფინეთში?
მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდი ლიტვაში ვთამაშობდი. გრანიტას კლაიპედაში ყოფნისას 9 მატჩი ჩავატარე და 2 გოლი გავიტანე. სამწუხაროდ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობამ ლეგიონერებთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო და ისევე, როგორც სხვა უცხოელმა მოთამაშეებმა ლიტვური კლუბი მეც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვე. საქართველოში დაბრუნებულმა ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში დინამო თბილისის სარეზერვო გუნდთან ერთად გავაგრძელე. ყოველდღე ვშრომობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა, ირაკლი ხვედელიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თავი ფინურ კლუბს წარუდგინა, ხელმძღვანელობა დაინტერესებულია და გელოდებიანო. ფაქტობტივად ფინურმა კლუბმა ყველა დეტალი ირაკლისთან შეათანხმა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ ცუდ ვარიანტს არ მირჩევდა. ასე მოვხვდი კაიანში, სადაც კიდევ ერთი ქართველი, კახა სამსონია დამხვდა.
როგორი სიტუაციაა გუნდში?
გუნდში ჩამოსულს ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა. ფინეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ახალ გუნდთან ერთად ჯერ-ჯერობით ორი მატჩი ჩავატარე. ვიმედოვნებ ძალიან მოკლე დროში შევძლეებ, რომ ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინო. ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, თითოეულ ვარჯიშზე და თამაშზე შესაძლებლობათა მაქსიმუმის დადებას ვცდილობ.
ფინეთში ჩასულს როგორი პირობები დაგხვდა?
გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობებია იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო. ყველამ თბილად მიმიღო, ხელმძღვანელობისგან და თანაგუნდელებისგან მხოლოდ თანადგომას ვგრძნობ და ეს კიდევ უფრო მმატებს ძალებს. ამ მოკლე პერიოდში ქალაქის რაღაც ნაწილი დავათვალიერე. პატარა და ლამაზი ქალაქია, წესრიგისა და სისუფთავის მოყვარული ხალხი ცხოვრობს.
რას იტყოდი შენი გუნდის შესახებ?
როგორც ვიცი კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას ახალი და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება დაევალა. კოლექტივში რამდენიმე ახალი მოთამაშე არის, მათ შორის მეც, თუმცა არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც კაიანის მაისურით წლების მანძილზე გამოდიან. ფეხბურთელები ვცდილობთ, რომ შევთამაშდეთ. ჩემი აზრით ცოტა დრო გვჭირდება და უფრო კარგ თამაშებს ჩავატარებთ. მალე ჩემპიონატი იწყება და წარმატებული სტარტისთვის ვემზადებით.
როგორი გამოდგა სანდრო ხაბაძისთვის ამხანაგური და ოფიციალური მატჩი ფინეთში?
პირველი ამხანაგური იყო, სადაც 1:0 მოვიგეთ და საგოლე გადაცემა მივითვალე. მეორე კი ორიოდ დღის წინ ფინეთის თასის მეოთხე ეტაპზე კემის წინააღმდეგ. რაც შეეხება სათასო მატჩს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კემი არ იყო ის გუნდი, რომელთანაც ჩვენ 1:3 უნდა წაგვეგო. ჩემმა თანაგუნდელებმა თამაში კარგად დაიწყეს, საწყისს 25 წუთში ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და ხშირად მწვავედაც უტევდნენ მეტოქე გუნდის კარსაც. თუმცა პირველმა გაშვებულმა ბურთის შემდეგ გუნდი გატყდა და თამაში სხვა სცენარით წარიმართა. რაც შეეხება ჩემ პირვე ოფიციალურ მატჩში, თამაშში 58-ე წუთიდან ჩავერთე, ამ დროისთვის ჩემი გუნდი 0:1 აგებდა. მალევე მეორე გოლი მივიღეთ, ცენტრში არაზუსტი პასი გამომივიდა და მეტოქემ კონტრშეტევაზე გაგვიტანა. ცოტა ხანში მეც მომეცა შეცდომის გამოსწორების საშუალება, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძლიერად დავარტყი კარისკენ, თუმცა მეკარემ მაჯობა. მატჩის მიწურულს კი საგოლე გადაცემა მივითვალე, სამწუხაროდ 1:3 დავმარცხდით და თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო გუნდისთვის. ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის, პირველ ოფიციალურ მატჩს თავისებურად ვნერვიულობდი, შინაგანი წნეხს ვგრძნობდი. იმედია მომდევნო შეხვედრებში მეტი სათამაშო დრო მომეცემა და უფრო მეტად დავეხმარები ჩემს გუნდს.
დასასრულს თანაგუნდელსა და თანამემამულეზე კახა სამსონიაზეც გკითხავთ, მოასწარით უკვე დამეგობრება?
კახა ძალიან კეთილი პიროვნება არის. ჩამოსვლის პირველივე დღიდან იგი ყველაფერში მეხმარება. ბევრი ნიუანსი და დეტალი ამიხსნა. ცხოვრებაში ძალიან კარგი მეგობარია და იმედი მაქვს ერთმანეთისთვის მოედანზეც კარგი პარტნიორები ვიქნებით. როგორც მოთამაშე, ძალიან კარგი ფეხბურთელია, სისწრაფესთან ერთად თავისი დახვეწილი ტექნიკითაც გამოირჩევა და შემთხვევითი არ არის, რომ იგი ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი და გუნდის ლიდერია. წარმატება მინდა ვუსურვო კახას და გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, კარი-პეკა მოილანენსა და იანი კოუვუნენს, მათგან დიდ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობ და მინდა, რომ მათი ნდობა და იმედები ჩემი კარგი თამაშით გავამართლო.