სანდრო კობახიძე: “გიბრალტართან ფავორიტად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ ბოლოსწინა მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს, უკვე 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამდეგი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.
“ტრავმირებული ვიყავი და ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ. ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს.
რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.
ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები გვაქვს”, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.