სანდრო კობახიძე “ვორსკლაში” დაბრუნდა
ალექსანდრე კობახიძე უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნდა. ქართველი ნახევარმცველი კვლავაც პოლტავის “ვორსკლას” ღირსებას დაიცავს.
მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, შემდგომი გახანგრძლივების პირობით. კობახიძე “ვორსკლას” რიგებში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის უკრაინულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
“ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სახლში დავბრუნდი. ამას გულწრფელად გეუბნებით. ბევრი სასიამოვნო ეპიზოდი მახსენდება. გუნდში ჩემთვის ახლობელი ხალხი მუშაობს. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ვარჯიშზე ბიჭებს. მინდა “ვორსკლას” იმ მიზნების მიღწევაში დავეხმარო, რომლებიც გასულ სეზონში ვერ შეასრულა. წინ ბევრი სამუშაოა და მოუთმენლად ველოდები ოფიციალურ მატჩებში მოედანზე გასვლას”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ბოლოს თურქულ “გაზტეპეში” თამაშობდა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაწყვიტა. კობახიძე “ვორსკლაში” 2016-2017 წლების სეზონში გამოდიოდა.