სანიოლი: “ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მატჩის სრულად ჩატარება არ შეუძლიათ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან სტუმრად განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ვიცოდით, რომ რთული ძალიან რთული თამაში გველოდა, რადგან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა. მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ და ესპანეთმა უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმში თამაში შედარებით გამოვასწორეთ, მაგრამ გუნდებს შორის სხვაობა კვლავაც ძალიან დიდი იყო. დღეს მეტოქემ თამაშის ყველა ასპექტში გვაჯობა.
ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეხვედრის მთლიანად ჩატარება არ შეუძლიათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი საკუთარ კლუბებში ერთ საათზე მეტს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ მინდორზე მთელი 90 წუთით ვერ დავტოვებ.
ესპანეთის ნაკრებს და განსაკუთრებით, ჩემს მეგობარ ლუის ენრიკეს, საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი ესპანეთი გახდა. საქართველოს ნაკრები, 1 ქულით, ბოლო, მე-5 ადგილზეა.
ფოტო: სფფ