სანიოლი: “ბოლოს საწვავი გაგვითავდა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის გათამაშებაში ბულგარეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ბოლო მატჩებზე: “რა თქმა უნდა, ამ ოთხმატჩიან ციკლს დადებითად შევაფასებდი. ორი კვირის წინ 10 ქულას ბევრი არ ელოდა. გასაგებია, რომ ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით, თუმცა ეს კარგია – ჩვენ ამბიციურები ვართ. არ მინდა მხოლოდ ბოლო ოთხ მატჩზე ვისაუბრო. დავიწყოთ ოქტომბრიდან – 9 მატჩი, 7 გამარჯვება და კარი მშრალად 7-ჯერ შევინახეთ. მომთხოვნი მწვრთნელი ვარ და ფეხბურთელებს დისციპლინაზე ბევრს ვესაუბრებოდით. მოთამაშეებმა მეტ-ნაკლებად ყველა ის დავალება შეასრულეს, რაც მე მათ მივეცი.”
ბულგარეთთან მატჩზე: “ჩვენ 90 წუთი ვითამაშეთ ბულგარეთის წინააღმდეგ, მეტოქეს 1 საგოლე მომენტიც არ ჰქონია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაცვის ხაზი ძალიან კარგი იყო. 10 დღეში ოთხი მატჩის ჩატარება რთულია და ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა. ბოლო დღეებში ვუყურე გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის თამაშებს და შეიძლება ითქვას, თუ დიდ გუნდებს შევადარებთ, ჩვენც კარგი ინტენსივობით ვითამაშეთ. ამ ბოლო ორ კვირაში ჩვენი გუნდის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯა, ეს ეხება ფეხბურთელებსაც და ნაკრების პერსონალსაც.
ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე სიტუაციას ხშირად ამწვავებდა, ამიტომაც კაკაბაძე თამაშში არ ჩავრთე. ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი დაღლილი იყო. ცვლილებების გაკეთება ჩემი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ გადაწყვეტილებები სწორია, ზოგჯერ – არა.
გვქონდა გოლის გატანის შანსები, ბულგარელმა მეკარემ კარგად ითამაშა. დღეს ბევრი რამ იყო დამოკიდებული ფიზიკურ მომზადებაზე, სწრაფად მოძრაობაზე. შეიძლება ითქვას, ბოლოს საწვავი გაგვითავდა. პირველ ნახევარში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მომწონს, რომ ფეხბურთელები ფრის შემდეგ უკმაყოფილოები არიან. თუ ორი კვირის წინ ვინმე მეტყოდა, რომ 10 ქულას ავიღებდით და უკმაყოფილოები დავრჩებოდით, ამას ხელს მოვაწერდით. დღეს მთავარი პრობლემა ენერგიის არქონა იყო.
გულშემატკივარმა გუნდს ბოლომდე დაუჭირა მხარი. დარწმუნებული ვარ, სექტემბერში გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე წარმატებას მივაღწევთ.”
როტაციაზე: “მატჩიდან მატჩამდე ცვლილებების მიზეზი გადატვირთული გრაფიკია. შეუძლებელია 10 დღეში 4 მატჩი ერთი და იმავე შემადგენლობით ჩაატარო. როგორც ყველა მწვრთნელს, მეც მაქვს ჩემს თავში ჩამოყალიბებული სასტარტო თერთმეტეული, მაგრამ ვაწყდებით ტრავმებს და ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. კარგია, რომ ცვლილებების მიუხედავად, ჩვენი იდენტობა არ დაგვიკარგავს. ამ პერიოდში, შეკრებაზე, 29 ფეხბურთელი მყავდა და შემეძლო ყველასათვის თანაბრად გამომეცხადა ნდობა, რითაც მოხარული ვარ.”