სანიოლი: ‘ჩვენი თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ’
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გიბრალტართან გამარჯვების (4:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
თამაშის შეფასება: “შესაძლოა, გიბრალტარი ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ ასე არ ვუყურებდით. პირველი 25 და ბოლო 25 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შუალედში ნაჩვენები ჩვენი თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა ეს კარგი დასაწყისია. მომდევნო მატჩში ცვლილებები გვექნება. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიაზე არ ვფიქრობ, რადგან იქამდე ერთი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. მომდევნო 48 საათი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდმა აღდგენა და შემდეგ თამაში უნდა მოასწროს.
ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან ხალხი გამარჯვებას ელოდა, ჩვენ კი სახლში ვთამაშობდით. ზოგადად, გუნდში მენტალური ნაწილი კარგ მდგომარეობაშია. წინ 48 საათი გვაქვს, უნდა დაველოდოთ ძალების აღდგენას, რის შემდეგაც ბულგარეთთან შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
ვფიქრობ, მატჩის შუა ნაწილში ფეხბურთი ბოლომდე არ დავაფასეთ, ამიტომ კმაყოფილი ვიყავი. ბევრი გადაცემა და ჩაწოდება არაზუსტად გავაკეთეთ. ამით მოხარული არ ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმეა, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.
უკვე ექვსი თვეა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. ვფიქრობ, ამ კუთხით სტაბილურობა ვიპოვოთ. ბოლო 6 მატჩში ხუთჯერ გავიმარჯვეთ, მხოლოდ 1 გოლი გავუშვით და ხუთჯერ კარი მშრალად შევინახეთ. 99 პროცენტით, ბულგარეთთანაც სამი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ.”
მიქაუტაძეზე: “დღეს ყველამ დავინახეთ, რომ ეს ის მიქაუტაძე არ იყო, რომელიც წინა მატჩებში გვყავდა. კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. მან ბევრი იშრომა და ნაკრებში ისევ გამოვიძახეთ.”
ლობჟანიძეზე: “რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის ძალიან მიყვარს, რადგან ის არის მოთამაშე, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს გუნდზე და არა საკუთარ თავზე. იგი პირველი წუთიდან ბოლო წუთის ჩათვლით დარბის. მისი თამაშით მოხარული ვარ. რაც მე ლობჟანიძეს ვიცნობ, ის მუმდივად მებრძოლია და ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს.”
წიტაიშვილზე: “ახლა ის სამედიცინო შტაბს ჰყავს გადაბარებული და შემოწმება უტარდება. რამდენიმე საათში მისი მდგომარეობის შესახებ პასუხი გვეცოდინება.”
ჩაკვეტაძეზე: “ის ძალიან სერიოზულად ვარჯიშობდა და თამაში დაიმსახურა. ყველამ ვიცით, რომ ის დიდი ნიჭის მფლობელია. თუ ის ბოლომდე დაიხარჯება, ჩემგან სათამაშო დრო მიიღებს. მან დღეს ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა ცუდი მომენტებიც ჰქონდა. მის თამაშს პოზიტიურად შევაფასებ. მისი თავდაჯერებულობისათვის თამაში საჭიროა. მან შეცვლა მთხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღლა ან ტკივილი იგრძნო.”
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთთან გამართავს.