სანიოლი: “გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან გამართული ამხანაგური მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებს იმედიანად ელოდება.
“დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.
ფოტო: სფფ