სანიოლი: “მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა რუმინეთთან ამხანაგურ მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როცა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ თავის საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.
საკვალფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.
საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.
რუმინეთსა და საქართველოს შორის მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.