სანიოლი ფეხბურთელებზე: “მათ უყვართ ქვეყანა და ფასეულობები”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთის ნაკრებთან სტუმრად, დამაჯერებელი გამარჯვების (2:5) მოპოვების შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა.
„გუშინ ვისაუბრეთ სწრაფი ფეხურთის თამაშის შესახებ, თუმცა მატჩის წინ ეს მხოლოდ თეორიული საუბარია. ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვთვლი, რადგან ასეთი მოთამაშეები მყავს. მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ფასეულობები. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა მოთამაშეებმა იციან, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს დინამიკა არ დავკარგოთ. ანალოგიური პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ჩვენს საქმეს სკოპიეში.
შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდა, რაც ბუნებრივია. 10 დღეში 4 თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ დინამიკის შესანარჩუნებლად სიახლეები შევიტანოთ გუნდში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ლობჟანიძის ნაცვლად კაკაბაძეს ეთამაშა ფლანგზე, ტაქტიკური ხასიათის იყო. ის უფრო დაცვითი ფეხბურთელია და ვიფიქრე, რომ დღევანდელი მატჩისთვის ეს უკეთესი არჩევანი იქნებოდა. გარდა ამისა, საბამ 90 წუთი ითამაშა გიბრალტართან, საკმაოდ ბევრი სპრინტი ჰქონდა და მისი დასვენება აუცილებელი იყო. რა თქმა უნდა, ის დაგვეხმარება შემდეგ თამაშებში. 29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად. მოთამაშეები ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ისინი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, ბრძოლით და ეს გაცილებით იოლს ხდის ჩემს მუშაობას.
ჩემი მიზანი ყოველთვის იყო სწრაფი ფეხბურთის თამაში ისე რომ დაცვაში სტაბილურობა არ დაგვეკარგა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამას მივაღწიეთ. თავდაჯერებულები ვართ, დაცვაში კარგად ვთამაშობთ, გვყავს მოთამაშეები, რომლებიც სწრაფად თამაშობენ კონტრშეტევაზე და ამისთვის მათ სივრცე სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკუთარ ნახევარზე ვიცავთ თავს და შემტევი ფეხბურთელები ამას სიამოვნებით აკეთებენ, რათა შეიქმნან სივრცე შეტევისთვის.
ჩვენი გულშემატკივრების ხმა მთელი თამაშის განმავლობაში უფრო მეტად ისმოდა. ზოგმა თვითმფინავით, ზოგმა ავტობუსით, ზოგმაც პირადი ავტომობილით იმგზავრა. ამაყები ვართ ასეთი გულშემატკივრებით და ბედნიერიები ვართ, რომ მათი გახარება შევძელით. ვეცდებით, რომ ოთხ დღეშიც ლამაზი საღამო ვაჩუქოთ მათ”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო | ტექსტი: nakrebi.ge